ანტი-ლგბტ კანონი

ზღუდავს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებას - ო'ბრაიენი ანტი-ლგბტ კანონზე

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენი საქართველოში 17 სექტემბერს მიღებული "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტის ხელმოწერას გამოეხმაურა. ო'ბრაიენის შეფასებით, ეს ნაბიჯი საქართველოს ევროპისგან კიდევ უფრო დააშორებს.

"შეშფოთებული ვარ იმ კანონმდებლობის ხელმოწერის გამო, რომელიც ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას და საქართველოს ევროპისგან აშორებს. აშშ ყოველთვის დაიცავს ადამიანის უფლებებს და ფუნდამენტურ თავისუფლებას". - დაწერა ო'ბრაიენმა თავის X-ზე".

3 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის მიერ 17 სექტემბერს მიღებულ, ანტი-ლგბტ კანონთა პაკეტს ხელი მოაწერა. 

კანონპროექტს ხელი არ მოაწერა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა მას ვეტოს უფლება არ გამოუყენებია, ამიტომ დოკუმენტი გამოქვეყნების შემდეგ ძალაში შევა.

საქართველოს პარლამენტმა ლგბტ უფლებების შემზღუდველი, "ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ" საკანონმდებლო პაკეტი 17 სექტემბერს მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს III მოსმენით მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო.

კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით სამედიცინო მანიპულაციის გამოყენებასთან, სახელმწიფოს მიერ გაცემულ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, განათლებასთან, ინფორმაციის გავრცელებასთან, საჯაროდ შეკრებასა და მანიფესტაციის ჩატარებასთან, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფასთან დაკავშირებული საკითხები.

კომენტარები