ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ბაიდენის თქმით, ის ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საპასუხო იერიშის წინააღმდეგია

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ის ისრაელის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე საპასუხო იერიშის წინააღმდეგია. 

ბაიდენის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, რომ ირანს პასუხი გასცეს 1 ოქტომბერს ისრაელის დაბომბვის გამო, თუმცა, ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ პასუხი უნდა იყოს პროპორციული.

"ჩვენ ისრაელელებთან ერთად განვიხილავთ, რა შეიძლება გააკეთონ, მაგრამ დიდი შვიდეულის ყველა სახელმწიფო თანხმდება, რომ მათ აქვთ საპასუხო ქმედების უფლება, თუმცა, ეს უნდა იყოს პროპორციული" – თქვა ბაიდენმა. 

1 ოქტომბრის ირანმა ისრაელის მიმართულებით 180 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა.

სარაკეტო იერიშის შემდეგ, ისრაელის ქვეითმა ჯარმა ლიბანის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაცია დაიწყო. 

ისრაელის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელი ირანის წინააღმდეგ მნიშვნელოვან საპასუხო დარტყმას გეგმავს. ისრაელის შურისძიების მიზანმიმართული სამიზნე, სავარაუდოდ, გახდება ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემები, ნავთობის ინდუსტრიის და სხვა სტრატეგიული ობიექტები. ამის გარდა, ისრაელის სამიზნე შესაძლოა ირანის მნიშვნელოვანი სამთავრობო და სამხედრო პირები გახდნენ.

ისრაელის ოფიციალური წარმომადგენლების ცნობით, თუ ირანი ისრაელის საპასუხო დარტყმას კვლავ სამხედრო ზომებით უპასუხებს, მაშინ ისრაელი განიხილავს ყველა შესაძლო სადამსჯელო ვარიანტს, მათ შორის, ირანის ბირთვული ობიექტების სრულ განადგურებასაც.

კომენტარები