პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ში მიწვევის გაუქმებაშიც გლობალური ომის პარტიის კვალს ხედავს.
"რაც შეეხება ვახშამს, თუ ხელის ჩამორთმევას, იქ მონაწილეობას. იყო მიწვეული ყველა დელეგაცია, 200 ქვეყანა. ამ ორასი ქვეყნიდან რამდენია ავტორიტარული? დაახლოებით ნახევარი არის თვითაღიარებული, ან სხვებისგან აღიარებული ავტოკრატია [...] და ისინი იყვნენ მიწვეული. სად არის აქ ლოგიკა? ლოგიკა არის ერთადერთ რამეში, ამ შემთხვევაშიც ყველაფერში ურევია გლობალური ომის პარტიის ხელი" - თქვა კობახიძემ.
25 სექტემბერს აშშ-ს საელჩომ საქართველოში დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა, ხოლო საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე უარი თქვა.
გადაწყვეტილების მიზეზად საელჩომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები და აშშ-სა და დასავლეთის მიმართ დეზინფორმაცია და ნეგატიური რიტორიკა დაასახელა.
კობახიძემ ბაიდენის ვახშამზე მისთვის მისაწვევის გაუქმებას "ბავშვური ნაბიჯი" უწოდა და თქვა, რომ "გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის" აშშ-ს.
კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე თავდაპირველად ინფორმაცია ამერიკის ხმამ გაავრცელა. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნული დაადასტურა და თქვა - "მე როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა".
აშშ-ს საელჩოს მიერ ოფიციალური განმარტების გაკეთებამდე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკიც და თქვა, რომ გადაწყვეტილება "პოლიტიკური დემარშია" და ეს ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი არ არის.