საქართველო-აშშ

აშშ-ს საელჩო: ბაიდენის ადმინისტრაციამ UNGA-ს ყოველწლიურ მიღებაზე კობახიძის მიწვევა გააუქმა

აშშ-ს საელჩო საქართველოში ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა, ხოლო საქართველოს დელეგაციასთან ყველა შეხვედრაზე უარი თქვა.

გადაწყვეტილების მიზეზად საელჩო საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიულ ქმედებებსა და აშშ-სა და დასავლეთის მიმართ დეზინფორმაციასა და ნეგატიურ რიტორიკას ასახელებს.

"ბაიდენის ადმინისტრაციამ გაეროს გენერალური ასამბლეის ყოველწლიურ მიღებაზე პრემიერმინისტრ კობახიძის მიწვევა გააუქმა და უარი თქვა ქართულ დელეგაციასთან შეხვედრაზე, საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და აშშ-სა და დასავლეთის მიმართ დეზინფორმაციისა და ნეგატიური რიტორიკის გამო". - წერია საელჩოს მიერ ტაბულასთვის გაგზავნილ განმარტებაში.

კობახიძის მიწვევის გაუქმებაზე თავდაპირველად ინფორმაცია ამერიკის ხმამ გაავრცელა. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნული დაადასტურა და თქვა - "მე როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა".

აშშ-ს საელჩოს მიერ ოფიციალური განმარტების გაკეთებამდე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი, გია ვოლსკიც და თქვა, რომ გადაწყვეტილება "პოლიტიკური დემარშია" და ეს ქართული ოცნების პოლიტიკის შედეგი არ არის.

კომენტარები