"მე როგორც ვიკითხე, მართლაც ასე მომხდარა" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ირაკლი კობახიძისთვის აშშ-ს პრეზუდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე მოწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.
"არასერიოზულია, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ. თავისივე გაგზავნილი მოწვევა, მეორე დღეს უკან გაიწვიეს. საერთო ჯამში, ასეთი ქცევა არასერიოზულია. უპირველესად, ეს არის ამერიკის და ამერიკელი ხალხის შეურაცხყოფა, რაც ამ ქცევით ვიხილეთ ადმინისტრაციის მხრიდან" - თქვა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილმა აშშ-ს პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს სტუმარ-მასპინძლობაც დაუწუნა.
"რამდენი წელია, ამერიკის ადმინისტრაცია ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორს გვიწოდებს და სტუმარ-მასპინძლობა მაინც ესწავლათ ქართველი ხალხისგან, მინიმუმ ეს შეეძლოთ წაეღოთ ჩვენი ხალხისგან. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ესეც ვერ გავუზიარეთ სათანადოდ" - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამერიკის ხმის ექსკლუზიური ინფორმაციით, 25 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ მსოფლიო ლიდერებისა და გაეროს მაღალჩინოსნების ტრადიციულ მიღებაზე, ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოს პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძეს მიწვევა გაუუქმა.