საქართველო-აშშ

აშშ ელის მთავრობასთან მუშაობას პარტნიორობისთვის, რომელიც სარგებელს მოიტანს – დელეგაცია

აშშ-ს საელჩო საქართველოში განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ოცნების წარმომადგენლებთან შეხვედრისას შტატების დელეგაციამ კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გამოთქვა.

განცხადების თანახმად, აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოების ინტერესს და "განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია, რაც აშშ-ს დაეხმარება ამ მიზნის მიღწევაში".

"5-28 მაისს თბილისში აშშ-ის დელეგაცია შეხვდა პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს, ვიცეპრემიერებს ბოჭორიშვილს, მდინარაძეს და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების სამომავლო გზის განსახილველად. დელეგაციამ საქართველოს მთავრობას მასთან კონსტრუქციულ, მომავალზე ორიენტირებულ ურთიერთობასთან დაკავშირებით ტრამპის ადმინისტრაციის მზადყოფნა გაუზიარა და მისი ინტერესი სუვერენულ პარტნიორებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში ურთიერთპატივისცემაზე, საერთო ინტერესებსა და გულწრფელ დიალოგზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყების შესახებ.

მხარეებმა განიხილეს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის შესაძლო თანხვედრის სფეროები, მათ შორის: ეროვნული სუვერენიტეტისადმი საერთო ერთგულება, სამართლიანი ეკონომიკური გარემო, მავნე გარე გავლენებისადმი მდგრადობა და ის ფუნდამენტური ღირებულებები, რომელიც ორივე ერს განსაზღვრავს. ეს თანხვედრა ქმნის მყარ საფუძველს უფრო ღრმა პარტნიორობისკენ წინსვლისთვის.

აშშ-ის დელეგაციამ ხაზი გაუსვა ჩვენს ინტერესს, საქართველოსთან კომერციული თანამშრომლობის გაფართოებასთან დაკავშირებით, მათ შორის: ამერიკული საქონლისა და ინვესტიციებისთვის უფრო ფართო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, და უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. მდგრადი სტრატეგიული პარტნიორობისთვის საჭირო იქნება უწყვეტი პროგრესი იმ პირობების უზრუნველყოფით, რომელიც საქართველოს სანდო პარტნიორად აქცევს, მათ შორის, ამერიკული ბიზნესისთვის ხელსაყრელი ბიზნესგარემოსა და სტაბილური შიდა პოლიტიკური კლიმატით, რაც ხელს უწყობს ოპოზიციის ჩართულობას. დელეგაციამ განიხილა კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია და დაგვეხმარება ამ მიზნის მიღწევაში.

შეერთებული შტატები ელის საქართველოს მთავრობასთან მუშაობას ისეთი პარტნიორობისთვის, რომელიც ორივე ქვეყანას ხელშესახებ სარგებელს მოუტანს და სრულად აამოქმედებს ორმხრივი ურთიერთობის პოტენციალს". - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები