იაპონიის პარლამენტმა 1-ელ ოქტომბერს ქვეყნის პრემიერმინისტრად მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, შიგერუ იშიბა აირჩია. იგი ახალ მთავრობას დღესვე წარადგენს.
პარტიის ლიდერად იშიბა ფუმიო კიშიდას ნაცვლად 27 სექტემბერს აირჩიეს, რის შემდეგაც დღეს კიშიდა თანამდებობიდან გადადგა. იშიბამ, რომელიც ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრია, შიდაპარტიულ არჩევნებში ნაციონალისტი სანაე ტაკაიჩი დაამარცხა.
იშიბა დეპუტატი პირველად 1986 წელს გახდა. მისი ერთ-ერთი დაპირებაა, ხელი შეუწყოს აშშ-სთან უფრო დაბალანსებულ პოლიტიკას. ასევე, მან არაერთხელ თქვა, რომ მხარს უჭერს აზიის "NATO"-ს შექმნას, რაც შესაძლოა ჩინეთთან ურთიერთობაში პრობლემატური საკითხი გახდეს.
უკვე ყოფილმა პრემიერმა, ფუმიო კიშიდამ თანამდებობა 2021 წელს დაიკავა, თუმცა მან მიმდინარე წლის 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
კიშიდამ გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად ლდპ-ს პოლიტიკური ფინანსების სკანდალი დაასახელა და აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. გასული წლიდან ლდპ კამპანიის ფინანსების ბოროტად გამოყენების სკანდალში გაეხვა, რამაც პარტიის ფრაქციების დაშლა გამოიწვია. აჟიოტაჟმა ფართო საზოგადოებაში მმართველი გუნდის პოზიცია დააზარალა.
2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ლდპ-ს ორმა ფრაქციამ 600 მილიონ იენზე მეტი ოდენობის ფული კამპანიის თანხების ანგარიშში არ შეიყვანეს და მას გაურკვეველი მიზნებით გამოსაყენებელ ფონდში ინახავდნენ.
თანხების ბოროტად გამოყენების სკანდალის შემდეგ, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისა და თავად კიშიდას რეიტინგი გაუარესდა. იაპონური მედია "ასაჰი შიმბუნის" ივლისის გამოკითხვა აჩვენებდა, რომ გამოკითხულთა 74%-ს არ სურდა კიშიდა სექტემბრის არჩევნების შემდეგ ლიდერის პოსტზე დარჩენილიყო.





