22 დეკემბერს გამართული რეგიონული კენჭისყრის შედეგად იაპონიამ საბოლოო ნაბიჯი გადადგა, რათა ფუკუშიმის კატასტროფიდან თითქმის 15 წლის შემდეგ მსოფლიოს უდიდესმა ბირთვულმა ელექტროსადგურმა ოპერირება ხელახლა დაიწყოს.
ორშაბათს ნიიგატის პრეფექტურის საკრებულომ კენჭისყრით ნიიგატის გუბერნატორს, ჰიდეიო ჰანაცუმის, რომელიც ნოემბერში ბირთვული ელექტროსადგურის ხელახლა ამოქმედებას მიემხრო, ნდობა გამოუცხადა, რითაც საკრებულომ ფაქტობრივად მხარი დაუჭირა სადგურის ამუშავებას.
ბირთვული ელექტროსადგური კაშივაზაკი-კარივა, რომელიც ტოკიოდან 220 კილომეტრში მდებარეობს, იმ 54 რეაქტორს შორის იყო, რომლებმაც მუშაობა შეაჩერეს მას შემდეგ, რაც 2011 წელს ქვეყანაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა და ცუნამმა ფუკუშიმის სადგური დააზიანა.
მას შემდეგ იაპონიამ 33 ოპერირებადი სადგურიდან 14 აამუშავა, თუმცა კარივაზაკი-კარივა კატასტროფის შემდეგ პირველი სადგური იქნება, რომლის მართვასაც კომპანია TEPCO დაიწყებს - იგივე კომპანია, რომელიც ფუკუშიმის სადგურს მართავდა.
საკრებულოში დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერის მიუხედავად, ბირთვული ელექტროსადგურის ამუშავება საკამათო საკითხად რჩება. შენობის გარეთ 300-მდე ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა და კაშივაზაკი-კარივას სადგურის ამოქმედების გადაწყვეტილება გააპროტესტა.
ხოლო საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა კენჭისყრის დაწყებამდე განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი "პოლიტიკურ გარიგებას" წარმოადგენს, "რომელიც არ ითვალისწინებს ნიიგატის მცხოვრებლების ნებას."
საზოგადოებრივი მაუწყებლის, NHK-ს ინფორმაციით, TEPCO სადგურის შვიდი რეაქტორიდან პირველის ამუშავებას 20 იანვარს გეგმავს.
"ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ მსგავსი შემთხვევა აღარასდროს განმეორდეს და უზრუნველვყოფთ, რომ ნიიგატის მცხოვრებლებმა მსგავსი რამ არასდროს განიცადონ," განაცხადა TEPCO-ს სპიკერმა, მასაკაცუ ტაკატამ.
იაპონიის ვაჭრობის სამინისტროს გათვლებით, ბირთვული ელექტროსადგურის მხოლოდ პირველი რეაქტორის ამუშავებით ტოკიოს არეალში ელექტროენერგიის მიწოდება შესაძლოა, 2%-ით გაიზარდოს.
ქვეყნის პრემიერმინისტრ სანაე ტაკაიჩის ნათქვამი აქვს, რომ ბირთვული სადგურების აღდგენას ემხრობა, რათა გაძლიერდეს იაპონიის ენერგოუსაფრთხოება და მოხდეს იმპორტირებული წიაღისეული საწვავისადმი წინააღმდეგობის გაწევა, რაზეც ქვეყნის ელექტროენერგიის გამომუშავების 60-70% მოდის.





