იაპონია

წინასწარი შედეგებით, იაპონიის მმართველმა პარტიამ არჩევნებში ადგილების ორი მესამედი მოიპოვა

Getty Images via BBC

წინასწარი შედეგებით, იაპონიის პრემიერმინისტრის, სანაე ტაკაიჩის პარტიამ, ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ ქვეყნის პარლამენტის 456-კაციანი ქვედა პალატის რიგგარეშე არჩევნებში 316 მანდატი მოიპოვა, რაც ორი მესამედის ზღვარს აღემატება.

პარალელურად, წინასწარი შედეგებით, ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად კოალიციაში მყოფმა იაპონიის ინოვაციის პარტიამ  36 მანდატი მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ მმართველმა კოალიციამ ერთობლივად 456-იდან 352 ადგილი დაიკავა, ოპოზიციურმა კოალიციამ კი ჯამში 113 ადგილი მოიპოვა. 

ამის შესახებ ინფორმაციას იაპონიის საზოგადოებრივი მაუწყებელი, NHK ავრცელებს

სანაე ტაკაიჩის საარჩევნო კამპანია მემარჯვენე ეკონომიკურ რეფორმებზე, გადასახადების შემცირებაზე, იმიგრაციის წესების გამკაცრებაზე, სამხედრო ხარჯების გაზრდასა და ჩინეთის მიმართ უფრო მტკიცე პოლიტიკაზე ამახვილებდა ყურადღებას.

წინასწარი შედეგების მიხედვით, მმართველმა პარტიამ წინა არჩევნებთან შედარებით შედეგები გააუმჯობესა, კერძოდ, 198 ადგილი ეკავა და ახლა მანდატების რაოდენობა 118-ით გაზარდა. ხოლო მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, ცენტრისტული რეფორმის ალიანსმა წინა არჩევნებთან შედარებით უარესი შედეგი აჩვენა - კერძოდ, 49 მანდატი მოიპოვა, აქამდე კი 172 ადგილი ეკავა. 

გარდა ამისა, ოპოზიციურმა მემარჯვენე პარტიამ, სანსეიტომ, რომელმაც წინა არჩევნებზე 2 ადგილი მოიპოვა, ამჯერად 15 მანდატის მოპოვება შეძლო. 

ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი მანდატის მოპოვება მმართველ პარტიას საშუალებას აძლევს, რომ ზედა პალატის გადაწყვეტილებები უგულებელყოს. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ზედა პალატას ლიბერალურ-დემოკრატიულია პარტია არ აკონტროლებს. 

ამასთან, ქვედა პალატაში ადგილების ორ მესამედზე მეტი პარტიას საშუალებას აძლევს, რომ კონსტიტუციური ცვლილებების ინიციატივა წარადგინოს, რომლის დასამტკიცებლად შემდგომ ზედა პალატის ორი მესამედის თანხმობა და რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო. 

შეგახსენებთ, რომ 24 იანვარს სანაე ტაკაიჩიმ პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და პალატის რიგგარეშე არჩევნები ჩანიშნა, რომლებიც 8 თებერვალს ჩატარდა. 

ტაკაიჩიმ არჩევნები თანამდებობაზე მოსვლიდან რამდენიმე თვეში გამოაცხადა და განაცხადა, რომ გადადგებოდა, თუკი მისი პარტია უმრავლესობას ვერ მოიპოვებდა. 

ცნობისთვის, 2024 წელს ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ პარლამენტის ორივე პალატაში უმრავლესობა დაკარგა.

სანაე ტაკაიჩი, როგორც იაპონიის პირველი ქალი ლიდერი, პრემიერმინისტრად გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს და მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ს აღწევს.

"მსურდა, რომ ამომრჩევლებს ჩემთვის მანდატი მოეცათ, რადგან პასუხისმგებლიან, აქტიურ ფისკალურ პოლიტიკას ვუჭერდი მხარს, რომელიც ეკონომიკურ და ფისკალურ პოლიტიკას მნიშვნელოვნად შეცვლიდა". - თქვა ტაკაიჩიმ NHK-სთან საუბრისას.

6 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიის საპარლამენტო არჩევნებში მოქმედ პრემიერმინისტრს, სანაე ტაკაიჩის მხარდაჭერა გამოუცხადა. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ სურს ტაკაიჩის მომდევნო თვეში თეთრ სახლში უმასპინძლოს.

"პრემიერმინისტრი ტაკაიჩი ის ადამიანია, რომელიც ძლიერ დაფასებას იმ საქმისთვის, რასაც ის და მისი კოალიცია აკეთებენ. ჩემთვის პატივია, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადო მას და იმას, რასაც მისი პატივსაცემი კოალიცია წარმოადგენს" – წერს ტრამპი Truth Social-ზე. 

კომენტარები