საბერძნეთი

საბერძნეთში კორინთოსთან ტყის ხანძარს 2 ადამიანი ემსხვერპლა

ფოტო: Vassilis Psomas/REUTERS

ცენტრალურ საბერძნეთში, ათენიდან დასავლეთით 140 კილომეტრის მოშორებით, კორინთოს მახლობლად გაჩენილ ტყის ხანძარს ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორინთოს გუბერნატორის მოადგილეს, ანასტასიოს გიოლისის თქმით, ორივე მამაკაცი ცეცხლის ჩაქრობის მცდელობის დროს დაიღუპა.

საბერძნეთის პოლიციის სპიკერის, კონსტანტინა დიმოგლიდუს ინფორმაციით, ამოღებული ცხედრები იმდენადაა დამწვარი, რომ მათი იდენტიფიცირებისთვის ლაბორატორიული ტესტებია საჭირო.

საბერძნეთის სახანძრო ბრიგადის თქმით, საბერძნეთში ტყის ხანძარი 29 სექტემბერს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა, რამაც მისი კონტროლი მნიშვნელოვნად გააძნელა. ხანძრის ჩასაქრობად ასობით მეხანძრე, 15 მანქანა, შვიდი წყლის ბომბდამშენი და სამი ვერტმფრენი იყო მობილიზებული.

ხანძრის შედეგად რამდენიმე სოფლიდან ადამიანების ევაკუაცია მოხდა, მათ შორის პირგოსი, ელინიკო და კალითეა.

კომენტარები