საბერძნეთი

საბერძნეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ფოტო: Alexandros Avramidis/REUTERS

უკვე რამდენიმე დღეა საბერძნეთში, დედაქალაქის მახლობლად გაჩენილ ხანძარს ბოლომდე ვერ აქრობენ.

კვამლისა და ელექტროენერგიის გათიშვის გამო, სულ მცირე ერთი ადამიანია დაღუპული და ათობით დაშავებულია. ხელისუფლების ინფორმაციის, ერთ-ერთი ქარხნის ნანგრევებში 60 წლამდე ქალის მძიმედ დამწვარი ცხედარი იპოვეს.

საბერძნეთის ეროვნული ობსერვატორიის 13 აგვისტოს მონაცემებით, ტყის ხანძრის შედეგად სულ მცირე 10 000 ჰექტარი მიწა სრულიად განადგურებულია, ხანძარი კი კვლავ მძვინვარებს. ათენის ჩრდილოეთით ადამიანების ევაკუაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

ხანძარმა უკვე დაუდგენელი რაოდენობის საცხოვრებელი სახლი გაანადგურა.


საბერძნეთში, ათენის ჩრდილოეთით 11 აგვისტოს გაჩენილი ხანძარი 25 მეტრამდე აღწევს.

დედაქალაქიდან 35 კილომეტრში დაახლოებით 15:00 საათზე გაჩენილ ხანძარს 400-ზე მეტი მეხანძრე, 110 სახანძრო მანქანა და უამრავი მოხალისე ებრძოდა. მზის ჩასვლამდე 15 სახანძრო თვითმფრინავი და 9 ვერტმფრენი აქტიურად ებრძოდა ხანძარს. ცეცხლმა მნიშვნელოვნად დააზიანა საცხოვრებელი სახლებიც, თუმცა რაოდენობა ჯერ უცნობია.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ცეცხლი სწრაფად ვრცელდებოდა მარათონის ტბისკენ. მარათონის ტბა საბერძნეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყალსაცავია, რომელიც წყლით ამარაგებს ათენს.

ევაკუაციასთან დაკავშირებული შეტყობინებები ხანძრის მახლობლად მდებარე სოფლების მცხოვრებლებსაც გაუგზავნეს.

დღის მეორე ნახევარში, ევაკუაციის შეტყობინებები ასევე მიუვიდათ ათენის ზოგიერთ ჩრდილოეთ გარეუბნის მცხოვრებლებს. პოლიციის ცნობით, ამჟამად 200-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა, ძირითადად მოხუცების, ასევე ისეთი ადამიანების, რომლებმაც არ გაითვალისწინეს გაფრთხილებები.

სახანძრო ბრიგადის ინფორმაციით, მეზობელ ქალაქ ვარნავასში სახლები და სხვა სახის ქონება დაიწვა. მეხანძრეებმა ასევე მოახერხეს 25-მდე მანქანიდან იმ ადამიანების ევაკუაცია, რომლებიც ტერიტორიიდან გაქცევას ცდილობდნენ.

კომენტარები