ბუჩამდე იყო აფხაზეთი

ბუჩამდე იყო აფხაზეთი - პარიზში ფილმის ჩვენებამდე სტუმრებს სალომე ზურაბიშვილი მიმართავს

27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა უმასპინძლებს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და დისკუსიას - "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებსა და ქართველების მიმართ ჩადენილ გენოციდს შეეხება. 

ღონისძიებას გახსნიან საფრანგეთის ყოფილი და ახალი ევროპის მინისტრები ნატალი ლუაზო და ბენ ჰადადი. 

ფილმის ჩვენების დაწყებამდე მოწვეულ სტუმრებს, ჟურნალისტებს, საფრანგეთის პოლიტიკური საზოგადოების წევრებს, დიპლომატებსა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სიტყვით მიმართავს. 

ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს პარტია ფედერალისტების ლიდერი გიგა ბოკერია. 


დოკუმენტური ფილმი „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს შეეხება. 

საფრანგეთის პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიება ნაწილია კამპანიისა ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება. 

რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტის და აფხაზთა კრების მომზადებული ფილმი სექტემბრის დასაწყისში აჩვენეს ბერნში. აპრილსა და ივნისში ფილმის ჩვენება გაიმართა აშშ-ის კონგრესსა და ბონის უნივერსიტეტშიც.

კომენტარები