"ქალბატონი სალომე ვიდრე იტყოდა, რომ ბუჩამდე აფხაზეთში ომი იყო, ეს ომი ჩვენ გადავიტანეთ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ხალხმა, მაშინ როდესაც ის საფრანგეთში ცხოვრობდა" - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის ფილმზე "ბუჩამდე იყო აფხაზეთი" დასწრებას გამოეხმაურა.
"რაღაც აღმოჩენებს თავისთვის თუ აკეთებს, არ ვიცი, საქართველომ გადაიტანა ეს ომები და ამაში ქალბატონი სალომეს ისტორიის გაკვეთილები არ გვჭირდება" - ამბობს პაპუაშვილი.
როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ვიზიტით ამჯერადაც მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება, "რაც არის კონსტიტუციის დარღვევა".
"თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის აკეთებს ამ განცხადებას იმ პირობებში, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. აღმოჩნდა რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ მთავრობისგან თანხმობის გარეშე, რაც ერთხელ უკვე თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ არის კონსტიტუციის დარღვევა.
[...] ზოგადად როდესაც ადამიანი არღვევს კანონს, არღვევს კონსტიტუციას იმხელა, ასე ვთქვა, ციცაბო დაღმართში ეშვება რომ იქ ყველანაირი მორალური ზღვრები იშლება და ეს არის ახლა რაც გვაქვს. რა თქმა უნდა ასეთი განცხადებები, ასეთი რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს ქართული ოცნების მიმართ, რომელიც არის ანარეკლი იმ ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსებისა, რომლებსაც ჩვენ ვუსმენდით და როგორც ჩანს, მათგან სწავლობს თუ როგორ უნდა ელაპარაკოს ქართველ ხალხს“ - თქვა პაპუაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.
"სიმბოლურია ის ფაქტი, რომ ევროპის დედაქალაქ პარიზში, ეროვნულ ასამბლეაში, შევიკრიბეთ ფილმის "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთის" ჩვენებაზე სწორედ ამ დღეს, 27 სექტემბერს, რომელიც საქართველოსათვის ტრაგედიის დღეა, რადგან ამ დღეს დაეცა სოხუმი." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში დოკუმენტური ფილმის "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ჩვენება გაიმართა.
დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ, საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში რუსეთის მიერ ქართველთა მიმართ ჩადენილი გენოციდის შესახებ დისკუსია გაიმართა.
ღონისძიება საფრანგეთის ევროპის მინისტრმა, ბენ ჰადადმა გახსნა - ფილმის ჩვენებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ფრანგული გამოცემა Le Monde-ის რედაქტორი, მარკ სემო და უნივერსიტეტი Science Po-ს პროფესორი, ფლორიან პარმენტიე.
"ბუჩამდე იყო აფხაზეთი" ფედერალისტების, აფხაზთა კრების, ტაბულასა და თავისუფლების ინსტიტუტის საერთო პროექტია.