სამოქალაქო აქტივისტი და ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი მოსამართლე დავით პაპუაშვილმა სამართალდამრღვევად ცნო.
პაპუაშვილმა აქტივისტს 2-დღიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა ბაბაევი 48 საათის განმავლობაში წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, რის გამოც, სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.
ბაბაევი 14 სექტემბერს დააკავეს და მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოჩნდა რუსული რეჟიმის ახალი შემსრულებელი მონა - დავით პაპუაშვილი, რომელმაც ნოტარიუსის ფუნქცია შეასრულა და დაუკანონა უკანონო დაკავება. მე უბრალოდ არ ვაწყობდი იმ დღეს აკვარიუმში მოხტუნავე ოლიგარქს და წამიყვანეს, დამაკავეს უკანონოდ.
ეს უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში. პოლიციამ არ წარმოადგინა არც ერთი ვიდეომტკიცებულება, ყველა წაშალეს, ჩემს ჩანაწერებში ჩანს, რომ ეკეთათ სამხრეკამერები და იწერდნენ ყველაფერს, მაგრამ არ წარმოადგინეს, რადგან არ იყო არანაირი სამართალდარღვევა ჩემი მხრიდან". - თქვა ბაბაევმა.
გორში აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი 14 სექტემბერს პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საფუძველზე მაშინ დააკავეს, როცა ის კუთვნილ რესტორანში შესვლას ცდილობდა. ბაბაევის დაკავების დღეს გორში ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხელისუფლების წევრებმა ამომრჩევლებს სიტყვით მიმართეს.
თავდაპირველად სამოქალაქო აქტივისტი იოსებ ბაბაევი გორში 4 ივნისს დააკავეს.
ბაბაევის ადვოკატისა და ახლობლების თქმით, მას პისტოლეტი და ავტომატი ჩაუდეს, შემდეგ კი რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებში მონაწილეობის გამო ფიზიკურად გაუსწორდნენ.
6 ივნისს ბაბაევის წინააღმდეგ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ლევან დარბაიძემ უკანონოდ, მტკიცებულები კი დაუშვებლად ცნო.
14 ივნისს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა იოსებ ბაბაევის საქმეზე გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის განჩინება შეცვალა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ახალბედაშვილმა ბაბაევის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს, კანონიერად ცნო, ხოლო სახლის და პირადი ჩხრეკა - უკანონოდ.
ამის შემდეგ, ბაბაევის წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის განჩინება შეცვალა და პროკურატურის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ახალბედაშვილმა ბაბაევის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც სამართალდამცავებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს კანონიერად ცნო, ხოლო სახლის და პირადი ჩხრეკა უკანონოდ.
პროკურატურამ ბაბაევს ბრალი წარუდგინა და საბოლოოდ, აქტივისტს 1 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, გოგა კუპრეიშვილმა მიიღო.
ბრალდების მხარე ბაბაევისთვის 10 000-ლარიანი გირაოს დაკისრებას ითხოვდა. პროკურატურა მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა.





