რუსული რეჟიმი

გორში სამოქალაქო აქტივისტი, იოსებ ბაბაევი დააკავეს

იოსებ ბაბაევი
ფოტო: ტელეკომპანია მთავარი

ქალაქ გორში სამოქალაქო აქტივისტი და ბიზნესმენი, იოსებ ბაბაევი პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის საფუძველზე მაშინ დააკავეს, როცა ის კუთვნილ რესტორანში შესვლას ცდილობდა. 

დღეს, 14 სექტემბერს, ქალაქ გორში ქართული ოცნების საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ღონისძიებაა დაგეგმილი, სადაც პარტიის ლიდერები მოსახლეობას უნდა შეხვდნენ. 

არსებული ინფორმაციით, ბაბაევის რესტორანი სწორედ იმ ტერიტორიის მიმდებარედ ფუნქციონირებს, სადაც დღეს ოცნების მოწყობილ სცენაზე ბიძინა ივანიშვილი უნდა გამოვიდეს.

ბაბაევის მეგობრის თქმით, ის კუთვნილ რესტორანში მიდიოდა "იმ ერთადერთი გზით, რომელიც დაუტოვეს მისასვლელი", თუმცა პოლიციამ ამ გზით სარგებლობის უფლება ბაბაევს არ მისცა, რის შედეგადაც ის დაუმორჩილებლობის საფუძველზე დააკავა.

"ეს ადამიანი მის კუთვნილ რესტორანში მოდიოდა იმ ერთადერთი გზით, რომელიც დაუტოვეს მოსასვლელი და იმ გზითაც არ გამოატარეს. სავარაუდოდ, მერე მოუდეს მიზეზი, რომ დაუმორჩილებელი ხარ. მოკლედ დღეს უნდა გაათენებინონ ღამე კაპეზეში იმ ადამიანს, რომელიც ამ ხელისუფლების, ამ მარაზმის მომხრე არ არის. ვერ უნდა მისულიყო რესტორანში, როგორც ჩანს. მიზეზი სჭირდებოდათ, რომ დაეკავებინათ უბრალოდ". - ამბობს ბაბაევის მეგობარი.

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, იოსებ ბაბაევი პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა. 

კომენტარები