ბუჩამდე იყო აფხაზეთი

საჭიროა რეალური სურათის ნახვა - ბოკერია ბუჩამდე იყო აფხაზეთის საფრანგეთში ჩვენებაზე

ზურაბ ცერცვაძე/ტაბულა

27 სექტემბერს, სოხუმის აღების დღეს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა უმასპინძლებს დოკუმენტური ფილმის ჩვენებას და დისკუსიას - "დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც რუსეთის სამხედრო დანაშაულებსა და ქართველების მიმართ ჩადენილ გენოციდს შეეხება. 

ფედერალისტების ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და ისტორიული სამართლიანობისთვის გვჭირდება, რომ ყველამ ნახოს რეალური სურათი.

"საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში ბუჩამდე იყო აფხაზეთის ჩვენებას აწყობს საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, მაკრონის პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი ახალგაზრდა ლიდერი, ბენ ჰადადი, რომელიც ახლა გახდა ევროპის მინისტრი. ის და მისი კოლეგა, ყოფილი მინისტრი, ნატალი ლუაზო ხსნიან ამ ღონისძიებას, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის და ისტორიული სამართლიანობისთვის გვჭირდება, რომ ყველამ ნახოს რეალური სურათი - რუსეთის მთლიანი პოლიტიკური კლასი წარმოადგენს საფრთხეს მთელი თავისუფალი სამყაროსთვის. საქართველო, უკრაინა, მოლდოვა არის უბრალოდ  წინა ფრონტზე ამ საფრთხისა, ის არის სასტიკი და კაცობრიობის წინაშე დანაშაულების ჩამდენი სახელმწიფო. მან მოაწყო გენოციდი უკრაინაში და საქართველოში ქართველების მიმართ, ეს არის მისი სახე.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სანამ ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება, იქამდე გვქონდეს გადადგმული ნაბიჯები ამ სიმართლის გასატანად და სურათის შესაქმნელად, რადგან საქართველოსთან მიმართებით, უკრაინისგან განსხვავებით, თავის დროზე ეს ვითარება ეთნიკურ კონფლიქტებად გაფორმდა.

უკრაინის გმირულმა ბრძოლამ მოგვცა საშუალება, რომ კონტექსტი დაენახა თავისუფალი სამყაროს პოლიტიკურ კლასს და ამას ვცდილობთ ჩვენ ამ ღონისძიებით" - თქვა ფედერალისტების ლიდერმა ფორმულას ეთერში.

ხვალინდელ ღონისძიებას დაესწრებიან საფრანგეთის პოლიტიკური საზოგადოების წარმომადგენლები, დიპლომატები, ჟურნალისტები და საქართველოთი დაინტერესებული პირები.

დოკუმენტური ფილმი „დავიწყებული მსხვერპლი: ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ 1992-1993 წლებში აფხაზეთში რუსეთის მიერ ქართველების წინააღმდეგ ორგანიზებული გენოციდის მტკიცებულებებს და დევნილთა ისტორიებს შეეხება. 

საფრანგეთის პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიება ნაწილია კამპანიისა ბუჩამდე იყო აფხაზეთი, რომელიც თითქმის სამი წელია მიმდინარეობს აფხაზთა კრების, თავისუფლების ინსტიტუტის, ტაბულასა და პარტია ფედერალისტების ორგანიზებით. კამპანიის მიზანია, გაფართოვდეს საერთაშორისო და შიდა კონსენსუსი რუსეთის მიერ აფხაზეთში ჩადენილი დანაშაულების შესახებ, რომელთა ხასიათი და მასშტაბი გენოციდს უტოლდება. 

რუსეთის მიერ ქართველთა გენოციდის შესახებ თავისუფლების ინსტიტუტის და აფხაზთა კრების მომზადებული ფილმი სექტემბრის დასაწყისში აჩვენეს ბერნში. აპრილსა და ივნისში ფილმის ჩვენება გაიმართა აშშ-ის კონგრესსა და ბონის უნივერსიტეტშიც.

კომენტარები