25 სექტემბერს აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ, ევროკავშირის ქვეყნებმა და სხვა მოკავშირეებმა ჰეზბოლასა და ისრაელს ლიბანი-ისრაელის საზღვართან მყისიერად 21-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ მოუწოდეს. ამას გარდა, მათ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადების მიმართაც გამოხატეს მხარდაჭერა.
აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელი-ლიბანის "ლურჯ ხაზს" შეეხება, რაც ორ ქვეყანას შორის დემარკაციის ხაზია. მისი თქმით, შეთანხმება საშუალებას მისცემს მხარეებს, კონფლიქტი დიპლომატიური გზით გადაიჭრას.
"ჩვენ ყველა მხარეს, მათ შორის ისრაელისა და ლიბანის მთავრობებს, მოვუწოდებთ, დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მყისიერად დაუჭირონ მხარი". - წერია ქვეყნების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.
ერთობლივი განცხადების ხელმომწერ მოკავშირეებს შორის ავსტრალია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ევროკავშირიც არიან.
19 სექტემბერს ისრაელის არმიამ სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ტერორისტული ორგანიზაციის სამიზნეებზე იერიშების ახალი ტალღა დაიწყო.
IDF-ის ცნობით, ბოლო დღეებში ისრაელმა ჰეზბოლას 1 600 სამიზნეზე მიიტანა იერიში. ისრაელის არმიის თქმით, ოპერაციის ფარგლებში ისინი იმ ინფრასტრუქტურის განადგურებას ცდილობენ, რომელიც ტერორისტულმა დაჯგუფებამ 2006 წლის ლიბანის ომის შემდეგ ააშენა.





