დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული რაიან უესლი რუთის შვილი, ორან რუთი პოლიციამ ბავშვთა სექსუალური შევიწროების ამსახველი ფოტოსურათების ფლობის ფაქტზე დააკავა.
ორან რუთი მას შემდეგ დააკავეს, რაც აშშ-ს გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ქალაქ გრინსბოროში მისი სახლი "ბავშვთა ექსპლუატაციასთან დაუკავშირებელი გამოძიების ფარგლებში" გაჩხრიკა და შესაბამისი მასალა აღმოაჩინა.
სავარაუდოა, რომ FBI სახლს ორან რუთის მამის მიერ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩხრეკდა.
FBI-ს აგენტებმა ჩხრეკისას რამდენიმე ელექტრონული მოწყობილობა ამოიღეს, რომლებზეც, როგორც გამოძიებამ დაადგინა, რუთი ბავშვთა პორნოგრაფიის ამსახველ ასეულობით ფოტოსურათს ინახავდა.
მამაკაცს, ბავშვთა სექსუალური შევიწროების ამსახველი მასალის მიღება-შენახვის საფუძველზე, ორი ბრალდება უკვე წარედგინა.
15 სექტემბერს ფლორიდაში, ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბის მოედანზე ორან რუთის მამამ, 58 წლის რაიან უესლი რუთმა სცადა, რომ ტრამპისთვის ესროლა. ამისთვის შეიარაღებული მამაკაცი მოედნის გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში იცდიდა. რუთმა სროლა ვერ მოასწრო, რადგან აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა დროულად შენიშნა მისი AK-47-ის წვერი, რომელიც ბუჩქებიდან იყო გამოყოფილი.
რუთს საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მამაკაცმა ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა იგი ადგილზევე დააკავეს.
დონალდ ტრამპი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა.
ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რაიან უესლი რუთმა ტრამპის მკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე თვით ადრე გეგმის შესახებ წერილიც დატოვა.
რამდენიმე თვის წინ რუთმა აშშ-ს ერთ-ერთ მოქალაქეს სახლთან ყუთი დაუტოვა, რომელშიც, სხვა ნივთებთან ერთად, მისი სამომავლო გეგმების შესახებ წერილიც იდო. შესაბამისი წერილის ამსახველ ფოტოსურათს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
წერილში 58 წლის რაიან უესლი რუთი "მსოფლიოს" მიმართავს:
"ეს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო, თუმცა მე თქვენ იმედები გაგიცრუეთ. მე ყველაფერი ვცადე, ყველა ძალისხმევა გავიღე ამისთვის. საქმის დასრულება ახლა თქვენზეა; ნებისმიერს, ვინც საქმეს ბოლომდე მიიყვანს, 150,000 დოლარს გადავცემ". - წერია რუთის წერილში.
ამის გარდა, წერილში წერია, რომ ტრამპმა "როგორც ბავშვმა, ისე დაასრულა ურთიერთობები ირანთან და ახლა ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია გაუარესდა".





