დონალდ ტრამპის მკვლელობის მეორე მცდელობა

რუთმა ტრამპის მკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე თვით ადრე გეგმის შესახებ წერილი დატოვა

რაიან უესლი რუთი

მამაკაცმა, რომელმაც 15 სექტემბერს ფლორიდაში აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატისა და ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა, რამდენიმე თვის წინ აშშ-ს ერთ-ერთ მოქალაქეს სახლთან ყუთი დაუტოვა, რომელშიც, სხვა ნივთებთან ერთად, მისი სამომავლო გეგმების შესახებ წერილიც იდო. შესაბამისი წერილის ამსახველ ფოტოსურათს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი ავრცელებს

წერილში 58 წლის რაიან უესლი რუთი "მსოფლიოს" მიმართავს:

"ეს დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა იყო, თუმცა მე თქვენ იმედები გაგიცრუეთ. მე ყველაფერი ვცადე, ყველა ძალისხმევა გავიღე ამისთვის. საქმის დასრულება ახლა თქვენზეა; ნებისმიერს, ვინც საქმეს ბოლომდე მიიყვანს, 150,000 დოლარს გადავცემ". - წერია რუთის წერილში. 

ამის გარდა, წერილში წერია, რომ ტრამპმა "როგორც ბავშვმა, ისე დაასრულა ურთიერთობები ირანთან და ახლა ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია გაუარესდა". 

გარდა წერილისა, მოწმის თქმით, ყუთში ასაფეთქებელი ნივთიერება, მეტალის მილი, სხვადასხვა სამშენებლო მასალა, ხელსაწყოები, 4 ტელეფონი და რამდენიმე წერილი იდო. 

მოწმემ ყუთის შესახებ პოლიციას 18 სექტემბერს მას შემდეგ აცნობა, რაც გაიგო, რომ ტრამპის მკვლელობა მეორედ სცადეს. მოწმის თქმით, ყუთი, რომელიც რუთმა მის სახლთან რამდენიმე თვის წინ დატოვა, მხოლოდ ინციდენტის შესახებ გაგების შემდეგ გახსნა და აღმოაჩინა, რომ ის სწორედ რუთის დატოვებული იყო. 

ცნობისთვის, 15 სექტემბერს ფლორიდაში, ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბის მოედანზე 58 წლის რაიან უესლი რუთმა სცადა, რომ ტრამპისთვის ესროლა. ამისთვის შეიარაღებული მამაკაცი გოლფის მოედნის გარეთ რამდენიმე საათის განმავლობაში იცდიდა. რუთმა სროლა ვერ მოასწრო, რადგან აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა დროულად შენიშნა მისი AK-47-ის წვერი, რომელიც ბუჩქებიდან იყო გამოყოფილი. 

რუთს საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შემდეგაც მამაკაცმა ადგილიდან გაქცევა სცადა, თუმცა იგი დროულად დააკავეს. 

დონალდ ტრამპი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა. 

კომენტარები