"შვება ვიგრძენი, როდესაც გავიგე, რომ ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უვნებელია" – აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობას გამოეხმაურა.
ბაიდენმა დაგმო პოლიტიკური ძალადობა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი უზრუნველყოფს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დასაცავად ხელმისაწვდომი იყოს ყველა საჭირო რესურსი.
"როგორც მე ბევრჯერ ვთქვი, პოლიტიკური და ზოგადად ნებისმიერ ძალადობის ადგილი ჩვენ ქვეყანაში არ არის. ჩემს გუნდს მოვუწოდე, განაგრძოს იმის უზრუნველყოფა, რომ საიდუმლო სამსახურს ჰქონდეს ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა რესურსი და საშუალება"
15 სექტემბერს სამართალდამცავი ორგანოს მაღალჩინოსნებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა ტრამპის ეროვნული გოლფის მოედნის გარეთ AK-47-ით შეიარაღებული პირი დაინახეს, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გახსნეს, ხოლო ეჭვმიტანილი ადგილიდან შავი ფერის მანქანით გაიქცა. მათი ცნობით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.
"FBI-იმ გამოძახება მიიღო ფლორიდის ვესტ პალმ ბიჩში და იძიებს, როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტის, [დონალდ] ტრამპის მკვლელობის მცდელობას". - განაცხადა სააგენტომ.
სროლიდან მალევე, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის "სიახლოვეს [ცეცხლსასროლი იარაღის] გასროლის შემდეგ", იგი უსაფრთხოდ იყო.
"პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდაა მას შემდეგ, რაც მის სიახლოვეს [ცეცხლსასროლი იარაღი] გაისროლეს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები არ გვაქვს". - განაცხადა ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, სტივენ ჩენგმა.
ინციდენტის დროს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში გოლფს თამაშობდა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იარაღის გასროლის შემდეგ მოედანი მყისიერად დაიკეტა.
მომხდარის შემდეგ დონალდ ტრამპმა საკუთარ მხარდამჭერებს ელექტრონულ ფოსტაზე წერილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ იგი "უსაფრთხოდ და კარგადაა".
"მე არასდროს შევჩერდები. არასდროს დავნებდები". - დაწერა მან.
მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს მომხდართან დაკავშირებით უკვე აცნობეს. განცხადების მიხედვით, ბაიდენსა და ჰარისს შვება მოჰგვარა იმ ფაქტმა, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა.
ამასთანავე, კამალა ჰარისმა სოციალურ მედია X-ზე დაწერა, რომ "ამერიკაში ძალადობას ადგილი არ აქვს".
13 ივლისის საღამოს, მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსმა დონალდ ტრამპს ცეცხლი გაუხსნა. ტრამპი ყურის არეში მსუბუქად დაიჭრა. დაიღუპა ექსპრეზიდენტის ერთი მხარდამჭერი. გაანეიტრალეს თავად თავდამსხმელიც.





