დონალდ ტრამპის მკვლელობის მეორე მცდელობა

FBI: ვიძიებთ, როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტის, ტრამპის მკვლელობის მცდელობას

დონალდ ტრამპი 13 ივლისის თავდასხმის დროს
Evan Vucci/AP

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი და 2024 წლის არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი, დონალდ ტრამპი უსაფრთხოდაა მას შემდეგ, რაც, გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) თქმით, მისი მკვლელობის მეორე მცდელობა მოხდა.

სამართალდამცავი ორგანოს მაღალჩინოსნებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა ტრამპის ეროვნული გოლფის მოედნის გარეთ AK-47-ით შეიარაღებული პირი დაინახეს, რის შემდეგაც მათ ცეცხლი გახსნეს, ხოლო ეჭვმიტანილი ადგილიდან შავი ფერის მანქანით გაიქცა. მათი ცნობით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია.

"FBI-იმ გამოძახება მიიღო ფლორიდის ვესტ პალმ ბიჩში და იძიებს, როგორც ჩანს, ყოფილი პრეზიდენტის, [დონალდ] ტრამპის მკვლელობის მცდელობას". - განაცხადა სააგენტომ.

სროლიდან მალევე, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპის "სიახლოვეს [ცეცხლსასროლი იარაღის] გასროლის შემდეგ", იგი უსაფრთხოდ იყო.

"პრეზიდენტი ტრამპი უსაფრთხოდაა მას შემდეგ, რაც მის სიახლოვეს [ცეცხლსასროლი იარაღი] გაისროლეს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები არ გვაქვს". - განაცხადა ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, სტივენ ჩენგმა.

ინციდენტის დროს აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში გოლფს თამაშობდა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, იარაღის გასროლის შემდეგ მოედანი მყისიერად დაიკეტა.

მომხდარის შემდეგ დონალდ ტრამპმა საკუთარ მხარდამჭერებს ელექტრონულ ფოსტაზე წერილი გაუგზავნა და განაცხადა, რომ იგი "უსაფრთხოდ და კარგადაა".

"მე არასდროს შევჩერდები. არასდროს დავნებდები". - დაწერა მან.

მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს მომხდართან დაკავშირებით უკვე აცნობეს. განცხადების მიხედვით, ბაიდენსა და ჰარისს შვება მოჰგვარა იმ ფაქტმა, რომ ტრამპი უსაფრთხოდაა.

ამასთანავე, კამალა ჰარისმა სოციალურ მედია X-ზე დაწერა, რომ "ამერიკაში ძალადობას ადგილი არ აქვს".


13 ივლისის საღამოს, მაშინ, როცა დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს პენსილვანიაში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ხვდებოდა, 20 წლის თომას მეთიუ კრუქსმა დონალდ ტრამპს ცეცხლი გაუხსნა. ტრამპი ყურის არეში მსუბუქად დაიჭრა. დაიღუპა ექსპრეზიდენტის ერთი მხარდამჭერი. გაანეიტრალეს თავად თავდამსხმელიც.

კომენტარები