არჩევნები 2024

კახა ბექაური: მედიები ვალდებულნი არიან ქართული ოცნების რეკლამა ეთერში განათავსონ

კახა ბექაური

კომუნიკაციების კომისიის (ComCom) თავმჯდომარის, კახა ბექაურის თქმით, ComCom-ის გადაწყვეტილებები წინასაარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით ეფუძნება კანონს და სასამართლოს პრაქტიკას, შესაბამისად, მაუწყებლები ვალდებულნი არიან ქართული ოცნების საარჩევნო რეკლამა ეთერში განათავსონ, რადგან ის არ შეიცავდა დარღვევას.

ComCom-ის თავმჯდომარე მედიასაშუალების მიერ ქართული ოცნების უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობას გამოეხმაურა, რის მიზეზადაც მედიები სიძულვილის ენას ასახელებდნენ და აღნიშნა, რომ "კონკრეტული რგოლი, ევროპული სტანდარტისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, არ შეიცავდა დარღვევას".

ბექაურის თქმით, წინა არჩევნების დროს, "სწორედ აღნიშნული მედიები ათავსებდნენ ეთერში პოლიტიკურ რეკლამას, რომელიც აშკარა სიძულვილის ენის შემცველი იყო".

"თუ შინაარსობრივ ნაწილში დარღვევაა და პოლიტიკური რეკლამა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, ჩვენ რა თქმა უნდა შევდივართ შინაარსში, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, არც ჩვენ და არც სასამართლოს არ დაგვინახავს სამართალდარღვევა. სტანდარტი, რომლითაც ვხელმძღვანელობთ არის ევროპის საუკეთესო პრაქტიკა და სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკა სიძულვილის ენის თვალსაზრისით. შესაბამისად, აღნიშნული სტანდარტის მიხედვით, ვიდეორგოლი, რომელზეც ვსაუბრობთ, არ ითვლება სიძულვილის ენის შემცველად. მეტსაც გეტყვით, ის მედიასაშუალებები, რომლებიც ამბობენ, რომ სიძულვილის ენის მიზეზით არ ათავსებენ რეკლამას, წინა არჩევნებისას თავადვე ათავსებდნენ იმ ტიპის რეკლამას, რომელიც აშკარად სიძულვილის ენად ფასდებოდა და ზღვარზე იყო სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტის მიხედვითაც კი". - თქვა ბექაურმა.

15 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე TV პირველი 5 000 ლარით დააჯარიმა.

12 სექტემბერს, ქართული ოცნების სარჩელის საფუძველზე, მათი რეკლამის განუთავსებლობისთვის 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მთავარ არხსაც. ტელეკომპანია გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.

კომენტარები