თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობის გამო კომუნიკაციების კომისიის მიერ შედგენილი ოქმის საფუძველზე TV პირველი 5 000 ლარით დააჯარიმა. ინფორმაციას თავად ტელეკომპანია ავრცელებს.
"თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს მთავრობის კონტროლისგან თავისუფალი მედია მხოლოდ იმიტომ დააჯარიმა, რომ საეთერო ბადეში ძალადობის წამახალისებელი და სიძულვილის ენით სავსე ქართული ოცნების პოლიტიკური რეკლამა არ ჩასვა.
კობა ჩაგუნავა დღეს ტვ პირველის იურისტს უხსნიდა, რომ საკითხი თავად არასამთავრობოებს უნდა გაესაჩივრებინათ, თუკი თვლიდნენ, რომ აღნიშნული რეკლამით მათ დემონიზებას ცდილობდნენ.
ამგვარად, ტვ პირველი სასამართლოს განჩინების საფუძველზე იძულებულია, ძალადობის წამქეზებელი სარეკლამო რგოლი ეთერში დააბრუნოს, თუმცა ამასთან დაკავშირებით ტელეკომპანია პასუხისმგებლობას იხსნის". - წერს ტელეკომპანია.
მათივე ცნობით, გადაწყვეტილება გამოცხადდა პოლიტიკური სუბიექტებისთვის უფასო სარეკლამო დროის დათმობასთან დაკავშირებულ, კომუნიკაციების კომისიის მეორე სარჩელზეც. საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლელა ცაგარეიშვილმა TV პირველი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა, მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.
ტელეკომპანია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
12 სექტემბერს, ქართული ოცნების სარჩელის საფუძველზე, მათი რეკლამის განუთავსებლობისთვის 5 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა მთავარ არხსაც. ტელეკომპანია გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს.