სომეხ ჟურნალისტს, გამოცემა Aliq Media-ს დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს, არსენ ხარატიანს საქართველოში არ უშვებენ. ინფორმაციას გამოცემა Aliq Media ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხარატიანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ზედამხედველობის ქვეშ უკვე რამდენიმე საათია, რაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმყოფება. იგი საქართველოში ლუქსემბურგიდან 17 სექტემბერს, გამთენიისას ჩამოფრინდა. გამოცემის ინფორმაციითვე, ხარატიანს ტელეფონის გამოყენების უფლება არ აქვს.
"ეჭვი არ მეპარება, რომ შესვლაზე უარი პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას ან ჩემნაირი ადამიანების ეშინია, ან მოსკოვიდან და ბაქოდან ბრძანებას ემორჩილება, რომ მოახლოებულ არჩევნებამდე "არე გაწმინდოს".
საპარლამენტო არჩევნებამდე 6 კვირით ადრე მმართველი პარტია ქართული ოცნება ფიქრობს არა ახალი მეგობრების შეძენაზე, არამედ, ამგვარი ქმედებებით, ახალი მტრების გაჩენაზე" - ცოტა ხნის წინ დაწერა არსენ ხარატიანმა სოციალურ ქსელში.
ხარატიანის ცნობით, იმავე პრობლემას წააწყდა დაახლოებით ერთი კვირის წინაც, როდესაც, მიზეზის დასახელების გარეშე, მას აეროპორტში შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ აცნობა, რომ საქართველოში შესვლა აკრძალული ჰქონდა. თუმცა, ქვეყანაში შესვლის უფლება ხარატიანს შემთხვევიდან 2 საათში მისცეს.
როგორც Aliq Media წერს, ხარატიანმა არ იცის, თუ რატომ არ მისცეს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლის უფლება, ვინაიდან იმ დოკუმენტში, რომელიც მას გადასცეს, დაკონკრეტების გარეშე, "სხვა მიზეზებია" მითითებული. მისი თქმით, იგი მსგავს სიტუაციაში ადრე არასდროს ყოფილა.
არსენ ხარატიანი სომხურ-ქართული მედია-პლატფორმის, Aliq Media-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორია. იგი სომხეთის პრემიერმინისტრის საგარეო პოლიტიკის საკითხებში მრჩევლის პოსტს სომხეთის 2018 წლის ხავერდოვანი რევოლუციიდან 100 დღის განმავლობაში იკავებდა. მანამდე ხარატიანი ვაშინგტონში, აშშ-ს საგარეო სამაუწყებლო ქსელ Voice of America-ში რეპორტიორად მუშაობდა.
არსენ ხარატიანი სომხეთის მმართველი პარტიის, საზოგადოებრივი ხელშეკრულების ერთ-ერთი დამფუძნებელია. 1990-იანი წლებიდან 2018 წლის ხავერდოვან რევოლუციამდე, ხარატიანმა დააფუძნა და უხელმძღვანელა რამდენიმე პროდემოკრატიულ მოძრაობას.
ცნობისთვის, გუშინ, 16 სექტემბერს საქართველოში ბელარუსი ჟურნალისტი, ანდრეი მიალეშკაც და მისი მოზარდი ქალიშვილიც არ შემოუშვეს. მიალეშკა ევროპაში სამოგზაუროდ იყო წასული და 16 სექტემბერს იგი საქართველოში პოლონეთიდან ბრუნდებოდა.
მიალეშკას თქმით, მას ქუთაისის აეროპორტში პასპორტი შეუმოწმეს, რის შემდეგაც სპეციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს და უთხრეს, რომ იგი პოლონეთში უნდა დაბრუნებულიყო.
მიზეზი, თუ რატომ არ შემოუშვეს ბელარუსი ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე, უცნობია. დოკუმენტშიც, რომელიც მიალეშკას აეროპორტში გადასცეს, დაკონკრეტების გარეშე, "სხვა მიზეზებია" მითითებული





