საქართველო-სომხეთი

მზად ვართ, რეგიონში მშვიდობისთვის ჩვენი როლი შევასრულოთ – კობახიძე ფაშინიანს

ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, კობახიძემ ერთობლივ ბრიფინგზე იმ თემების შესახებ ისაუბრა, რაც მის სომეხ კოლეგასთან განიხილა.

"დღევანდელ შეხვედრაზე მე ბატონ ფაშინიანს მადლობა გადავუხადე ისტორიული გადაწყვეტილებისთვის, გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერისთვის, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა დაბრუნებას უკავშირდება. ეს გადაწყვეტილება ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად გაამყარებს. ასევე, შეხვედრაზე მას მადლობა გადავუხადე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის [...] აგრეთვე, დღეს ვისაუბრეთ საქართველოსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ყველა მიმართულებით - იქნება ეს პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა, თუ თანამშრომლობა კულტურის, განათლებისა თუ სხვა სფეროებში. ჩვენთვის ყველა ეს სფერო თანაბრად პრიორიტეტულია.

საქართველო მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობასა და მშვიდობიან თანაცხოვრებას. მინდა, ამ კუთხით ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას, რეგიონში არსებულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში. ჩვენი ქვეყანა მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროცესის განვითარებას და კონკრეტულად სომხეთის ხელისუფლების ძალისხმევას, რომელიც მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზაციისკენაა მიმართული. მზად ვართ, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში ჩვენი როლი შევასრულოთ". - თქვა კობახიძემ.

დღეს, 16 სექტემბერს, ფაშინიანი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა.

კომენტარები