აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა 13 სექტემბერს რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული მედია Russia Today-ს აღმასრულებელ დირექტორს, დმიტრი კისელიოვსა და სხვა თანამშრომლებს სანქციები დაუწესა.
სანქციების შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გამოაცხადა. მისი თქმით, RT "რუსეთის დაზვერვის აპარატის დე ფაქტო ფრთაა" და რუსეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი იმ გამოცემების ქსელის ნაწილია, რომელიც აშშ-ს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას ფარულად ცდილობს.
ბლინკენმა RT ონლაინ რეჟიმში თანხის შეგროვებაში დაადანაშაულა, რომლითაც გამოცემამ უკრაინაში მებრძოლი რუსი ჯარისკაცებისთვის ჯავშანტექნიკა, სნაიპერული შაშხანები, უპილოტო საფრენი აპარატები და სხვა სამხედრო აღჭურვილობა შეიძინა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თქმით, RT, რუსულ დაზვერვასთან ერთად, ასევე ცდილობს, წინასაარჩევნო პერიოდში მყოფი მოლდოვის პოლიტიკაში ჩაერიოს.
Russia Today-მ ბლინკენის განცხადება X-ზე ლაივ რეჟიმში გადასცა და დაასათაურა, როგორც "აშშ-ს უახლესი შეთქმულების თეორია", ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა და კრემლის პროპაგანდისტმა, მარია ზახაროვამ თქვა, რომ აშშ-ში ახალი პროფესია - "რუსეთისთვის დაწესებული სანქციების სპეციალისტი" - უნდა გამოიგონონ.
"ცხოვრებაში სამი რამაა გარანტირებული: სიკვდილი, გადასახადები და RT-ის ჩარევა აშშ-ს არჩევნებში" - სარკაზმით უპასუხა სანქციებს RT-მ X-ზე.
ცნობისთვის, 4 სექტემბერს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა Russia Today-სა და პუტინის სხვა პროპაგანდისტულ მედიებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის გამო სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში მოხვდა RT-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი, მისი მოადგილე, ელიზავეტა ბროდსკაია და სხვა აღმასრულებელი პირები.
განცხადების მიხედვით, სანქციები სულ 10 პირს და 2 ორგანიზაციას დაუწესდა. სიმონიანის მედიაორგანიზაციას ბრალი ედება "საკითხის არ მცოდნე ამერიკელი ინფლუენსერების" გადაბირება, მათი "პროპაგანდისტული კამპანიაში" გამოყენების მიზნით.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-მ სანქციები დაუწესა მედიაჯგუფ Россия сегодня-ს და მის ხუთ შვილობის მედიაკომპანიას: RIA Novosti-ს, RT-ს, TV-Novosti-ს, Ruptly-ს და Sputnik-ს





