2024 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები

აშშ-მ მარგარიტა სიმონიანს და Russia Today-ს სხვა თანამშრომლებს სანქციები დაუწესა

აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა Russia Today-სა და პუტინის სხვა პროპაგანდისტულ მედიებს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობის გამო სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში მოხვდა RT-ის ხელმძღვანელი, მარგარიტა სიმონიანი, მისი მოადგილე, ელიზავეტა ბროდსკაია და სხვა აღმასრულებელი პირები.

განცხადების მიხედვით, სანქციები სულ 10 პირს და 2 ორგანიზაციას დაუწესდა. სიმონიანის მედიაორგანიზაციას ბრალი ედება "საკითხის არ მცოდნე ამერიკელი ინფლუენსერების" გადაბირება, მათი "პროპაგანდისტული კამპანიაში" გამოყენების მიზნით.

"დღევანდელი ქმედება ხაზს უსვამს აშშ-ს მთავრობის ძალისხმევას, რათა გამოავლინოს და პასუხისმგებლობა დააკისროს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ აქტორებს, რომელთა მიზანიც ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი არსებული საზოგადოებრივი ნდობის შერყევაა. ხაზინა არ შეწყვეტს დემოკრატიული პრინციპებისა და ჩვენი საარჩევნო სისტემის მთლიანობის დაცვას". - თქვა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, ჯანეტ იელენმა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-მ სანქციები დაუწესა მედიაჯგუფ Россия сегодня-ს და მის ხუთ შვილობის მედიაკომპანიას: RIA Novosti-ს, RT-ს, TV-Novosti-ს, Ruptly-ს და Sputnik-ს.

ამასთან, აშშ-ს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლების თქმით, RT-ს რუსეთში მცხოვრებ ორ თანამშრომელს ნიუ იორკში ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი წაუყენეს. მათი თქმით, ისინი ფიქტიურ კომპანიებს და ყალბ პერსონებს იყენებდნენ ტენესის შტატში რეგისტრირებული კომპანიისთვის 10 მილიონი დოლარის გადასახდელად, რათა მათ შეექმნათ ვიდეოები, რომელთა მიზანიც აშშ-ში პოლიტიკური დაყოფის გაძლიერება იყო.

იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, ტენესის შტატში მდებარე კომპანიამ 2 000-ზე მეტი ვიდეო აწარმოა, რომელთა მთავარი საკითხები იმიგრაცია, ინფლაცია და სხვა თემები იყო. პროპაგანდისტული ჩანაწერები Youtube-ზე 16 მილიონზე მეტჯერ ნახეს.

პარალელურად, აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიურომ (FBI) დამოუკიდებლად მოითხოვა სასამართლოს ნებართვა 32 ინტერნეტ დომეინის კონფისკაციის შესახებ. მათი თქმით, ეს დომეინები რუსეთის საგარეო გავლენის გაძლიერების მცდელობის ინსტრუმენტია.

კომენტარები