ევროკავშირმა, შესაძლოა, სლოვაკეთს, დემოკრატიული უკუსვლის გამო, დაფინანსება შეუჩეროს. ევროკომისიამ, ბლოკის აღმასრულებელმა ორგანომ, უკვე მიიღო გადაწყვეტილება, მიიღოს დამსჯელობითი ზომები. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული გამოცემა Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, დაფინანსების შესაძლო შეჩერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სლოვაკეთის პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს გადაწყვეტილებაა, გააუქმოს სპეციალური პროკურატურა, რომელიც ევროკავშირის ფონდებთან დაკავშირებულ კორუფციის საქმეებს ზედამხედველობდა.
ერთ-ერთ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, ევროკომისიამ შეიძლება გამოიყენოს ე.წ. პირობითობის მექანიზმი, რომლითაც ბლოკი ფონდებს ყინავს, როცა მისი თანხები რისკის ქვეშაა. ამ მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში, ბლოკის ბიუჯეტიდან (Cohesion ფონდიდან) სლოვაკეთისთვის გამოყოფილი 14.2 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსებიდან 12.8 მილიარდ ევროს ქვეყანა ვეღარ მიიღებს.
კომისია ასევე მოიაზრებს სლოვაკეთისგან კორონავირუსის პანდემიის პერიოდში გაცემული 2.7 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების დაბრუნებას, რომლის გაცემის პირობაც სწორედ ზემოხსენებული პროკურატურის დაფუძნება იყო.
მიიღებს თუ არა ევროკავშირი სლოვაკეთისთვის დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია. განხილვის პროცესი საწყის ეტაპზეა, ხოლო მიღებული რეზოლუციის დასამტკიცებლად ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თანხმობას საჭიროებს.





