სლოვაკეთი

სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში მთავრობის წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა

კადრი 24 იანვარს ბრატისლავაში გამართული საპროტესტო აქციიდან
REUTERS/Radovan Stoklasa

24 იანვარს სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ლოზუნგის ქვეშ - "სლოვაკეთი ევროპაა". სლოვაკი მოქალაქეები აქციებზე პრორუსი პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ

მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს, როგორებიცაა "კმარა ფიცო" და "ჩვენ ევროპა ვართ" და ამით თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ პრემიერმინისტრის პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკისა და რიტორიკის მიმართ. 

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავას თავისუფლების მოედანზე გამართული დემონსტრაციაზე, რომელიც "მშვიდობა უკრაინას" ინიციატივისა და ოპოზიციური პარტიების მიერ იყო ორგანიზებული, ორგანიზატორების თქმით, დაახლოებით 60,000 მოქალაქე შეიკრიბა. 

პრემიერმინისტრმა ფიცომ, რომელიც ხშირად აკრიტიკებს დასავლური ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაცემულ დახმარებას, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხალ შიმეჩკა 18 იანვარს ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაში დაადანაშაულა. 

Facebook-მიმართვაში ფიცო ამტკიცებდა, რომ შიმეჩკა უკრაინის პრეზიდენტის, "ზელენსკის ბეჭედს კოცნიდა" და პირობას დებდა, რომ უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას დაუჭერდა მხარს. 

შიმეჩკა, რომელიც პროდასავლური პროგრესული სლოვაკეთის პარტიის ლიდერია, 17 იანვარს კიევში ჩასულ დელეგაციას უხელმძღვანელა, რომლის მიზანსაც უკრაინისადმი სლოვაკეთის მხარდაჭერის აღდგენა წარმოადგენდა. 

ფიცომ ოპოზიციის ქმედებები უკრაინის ევრომაიდნის რევოლუციას შეადარა. როგორც იგი ამტკიცებს, ოპოზიცია ბრატისლავაში სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგს ამზადებდა. 

ფიცოს მთავრობას რუსული ინტერესების გატარების გამო დასავლურ ქვეყნებში ხშირად აკრიტიკებენ. 

კომენტარები