სლოვაკეთი

ფიცო ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ აქციების მონაწილეთა მესამედი უკრაინელია

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი რობერტ ფიცო
AP Photo/Petr David Josek

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო ირწმუნება, რომ მისი მთავრობის წინააღმდეგ გამართული მასშტაბური აქციების მონაწილეთა ერთი მესამედი უკრაინელია. 

"არ მესმის, სლოვაკეთის ხელისუფლებას უკრაინელები რატომ უნდა საყვედურობდნენ". - თქვა ფიცომ აქციის მონაწილეების შესახებ.

ფიცო ასევე აცხადებს, რომ ათი ათასობით დემონსტრანტის მოთხოვნის მიუხედავად თანამდებობიდან არ გადადგება. მისივე მტკიცებით, აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა მოატყუეს და სლოვაკეთს ევროკავშირიდან გასვლა არ სურს.

"აქ იგონებენ ისტორიას, რომელიც შემაცდენელია, რომ ქუჩებში ხალხის გამოყვანა გვჭირდება, რათა EU-დან სლოვაკეთის გასვლა არ დავუშვათ. ნებისმიერმა კომპეტენტურმა ადამიანმა იცის, რომ მთავრობას არ გადაუდგამს არც ერთი ნაბიჯი, რომელიც EU-ში ჩვენს წევრობას საფრთხის წინაშე დააყენებდა". - თქვა ფიცომ.

24 იანვარს სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში მასობრივი საპროტესტო აქციები გაიმართა ლოზუნგის ქვეშ - "სლოვაკეთი ევროპაა". სლოვაკი მოქალაქეები აქციებზე პრორუსი პრემიერმინისტრის, რობერტ ფიცოს მთავრობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 

მომიტინგეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს, როგორებიცაა "კმარა ფიცო" და "ჩვენ ევროპა ვართ" და ამით თავიანთ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ პრემიერმინისტრის პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკისა და რიტორიკის მიმართ. 

ფიცომ ოპოზიციის ქმედებები უკრაინის ევრომაიდნის რევოლუციას შეადარა. როგორც იგი ამტკიცებს, ოპოზიცია ბრატისლავაში სახელმწიფო გადატრიალებისთვის ნიადაგს ამზადებდა. 

ფიცოს მტკიცებით, აშშ-ის დაფინანსებული ჯგუფები, რომლებიც საქართველოში და უკრაინაში დემონსტრაციებში იყვნენ ჩართულნი, უკვე სლოვაკეთშიც აქტიურობენ.

ფიცოს მთავრობას რუსული ინტერესების გატარების გამო დასავლურ ქვეყნებში ხშირად აკრიტიკებენ. 

კომენტარები