თუ სლოვაკეთში კანონის დაცვა გსურთ, ტროტუარზე საათში მაქსიმუმ 6 კილომეტრის სიჩქარით უნდა იმოძრაოთ.
28 ოქტომბერს, სლოვაკეთის პარლამენტმა სატრანსპორტო კანონის ცვლილება მიიღო, რომელიც ქალაქში არსებულ ტროტუარებზე ფეხით თუ სხვადასხვა ტრანსპორტით სიარულისთვის მაქსიმალურ დასაშვებ სიჩქარეს — 6 კმ/სთ-ს ადგენს.
ლიმიტი როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ისე ველოსიპედისტებზე, სკეიტერებზე, სკუტერებისა და ელექტროსკუტერების მძღოლებზე ვრცელდება. მიზანი ხშირი შეჯახებების თავიდან აცილებაა.
კანონი ძალაში 2026 წლის 1 იანვარს შევა, თუმცა ინიციატორებს ჯერჯერობით არ აუხსნიათ, თუ როგორ გეგმავენ მის აღსრულებას.
ოპოზიციამ ცვლილება გააკრიტიკა, ხოლო სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ელექტროსკუტერების აკრძალვა ტროტუარებზე, ვიდრე საერთო სიჩქარის ლიმიტის დაწესება.





