დიდი ბრიტანეთის პროკურატურა (The Crown Prosecution Service) ცნობილ ჰოლივუდელ პროდიუსერს, ჰარვი ვაინშტაინს მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეზე ბრალს აღარ წარუდგენს. ამის შესახებ პროკურატურამ ხუთშაბათს, 5 სექტემბერს განაცხადა.
უწყების ინფორმაციით, პროდიუსერის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების განხილვას აღარ გააგრძელებენ, ვინაიდან "აღარ არსებობს საბრალდებო განაჩენის გამოტანის რეალური პერსპექტივა".
საუბარია 2022 წელს ვაინშტაინის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელზე, რომლის მიხედვითაც პროდიუსერს ბრალად 1996 წელს ლონდონში ქალის სექსუალური შევიწროება ედებოდა. გამოძიება სისხლის სამართლის ორი მუხლით მიმდინარეობდა. პროდიუსერს 50 წელს გადაცილიბული ქალი გაუპატიურებაში ადანაშაულებდა.
"გადაწყვეტილება ყველა მხარეს ავუხსენით, ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ სექსუალური შევიწროების ნებისმიერ პოტენციურ მსხვერპლს აიმაღლონ ხმა და შეატყობინონ პოლიციას ამის შესახებ. ჩვენ აღვასრულებთ სამართალს, როცა ყოველი სამართლებრივი ტესტი კმაყოფილდება" - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ვაინშტაინის მხილების შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც ქალები მთელი მსოფლიოდან წერდნენ სექსუალური შევიწროების შესახებ.
ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, პროდიუსერის თავისივე კომპანიიდან The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს, ის გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდანაც.
2020 წლის 24 თებერვალს, ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.
3 ივნისს ვაინშტაინს ნიუ-იორკის სასამართლომ სააპელაციო სარჩელი არ დაუკმაყოფილა.
2023 წელს პროდიუსერს ლოს-ანჯელესის სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.





