ჰარვი ვაინშტაინი

ნიუ იორკში ვაინშტაინს გაუპატიურებისთვის მსჯავრდება გაუუქმეს, საქმეს ხელახლა მოისმენენ

ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ გაუპატიურების შესახებ საქმეში პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის წინააღმდეგ 2020 წელს გამოტანილი განაჩენი გააუქმა და საქმის ხელახალი მოსმენა მოითხოვა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პროდიუსერის საქმე უსამართლოდ ჩატარდა.

ვაინშტაინი კვლავ პატიმრობაში რჩება. ნიუ იორკის სასამართლოს განაჩენის გარდა, ის გაუპატიურებაში ლოს ანჯელესშიც დამნაშავედ ცნეს. 

დაზარალებულთა ადვოკატებმა სასამართლოს გადაწყვეტილება "ტრაგიკულად" მოიხსენიეს და თქვეს, რომ ეს არის "ნახტომი უკან". 

სასამართლომ გადაწყვეტილება 4-3 ხმით მიიღო და განაცხადა, რომ საქმის მოსამართლემ ვაინშტაინის ჯვარედინი დაკითხვა იმგვარად მოაწყო, რომ ის "განსაკუთრებით მიკერძოებულად" წარმოაჩინა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში "შეცდომით დაუშვეს ჩვენებები სავარაუდო სექსუალური ქმედებების შესახებ, რომლებზეც ბრალი არ იყო წაყენებული და  მიმართული იყო იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც არ იყვნენ განსახილველ დანაშაულთა შესახებ მოსარჩელეები". 

გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგე მოსამართლის, მედლინ სინგასის თქმით კი, "სასამართლო აგრძელებს მდგრადი მიღწევების გაუქმებას, რომელთათვის სექსუალური ძალადობის მსხვერპლებმა ჩვენს სისხლის სამართლის სისტემაში იბრძოლეს". 

2017 წელს 80-მდე ქალმა ჰარვი ვაინშტაინი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, 6-მა ქალმა კი გაუპატიურებაში. ვაინშტაინის მხილების შემდეგ დაიწყო #Metoo კამპანია, რომლის ფარგლებშიც ქალები მთელი მსოფლიოდან წერდნენ სექსუალური შევიწროების შესახებ.

ჰარვი ვაინშტაინის მიმართ გამოთქმული ბრალდებების შემდეგ, პროდიუსერის თავისივე კომპანიიდან The Weinstein Company-დან გაათავისუფლეს, ის გააძევეს ამერიკის კინოაკადემიიდანაც.

2020 წლის 24 თებერვალს, ნიუ-იორკის სასამართლომ ვაინშტაინს 23-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 67 წლის პროდიუსერს სასამართლომ მესამე ხარისხის სიმძიმის გაუპატიურება და პირველი ხარისხის სიმძიმის სექსუალური ძალადობა დაუმტკიცა.

3 ივნისს ვაინშტაინს ნიუ-იორკის სასამართლომ სააპელაციო სარჩელი არ დაუკმაყოფილა.

2023 წელს პროდიუსერს ლოს-ანჯელესის სასამართლომ 16-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები