ჰამას-ისრაელის 2023-25 წლის ომი

ისრაელი მოჰამედ დეიფის, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედის სიკვდილს ადასტურებს

ისრაელის თავდაცვის ძალებში (IDF) ჰამასის ერთ-ერთი სამხედრო მეთაურის, 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედად მიჩნეული მოჰამედ დეიფის სიკვდილი დაადასტურეს. IDF-მა ცნობა საკუთარ X-ზე გამოაქვეყნა.

დეიფი ისრაელის სამიზნე 13 ივლისს გახდა. მასთან ერთად იმყოფებოდა ჰამასის კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რაფაა სალამე. ტერორისტული დაჯგუფების სამხედრო ლიდერებზე იერიში მიიტანეს მაშინ, როცა ისინი საბრძოლო მასალის საწყობის მახლობლად, ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში იმყოფებოდნენ. ორი კვირის განმავლობაში დეიფის სიკვდილის ცნობის დანამდვილებით დადასტურება ვერ ხერხდებოდა.

58 წლის მოჰამედ დეიფი ორ ათწლეულზე მეტია იზ ალ-დინ ალ-კასამის ბრიგადის მეთაური იყო. ისრაელი მას დიდი ხანია ეძებს. ის მიიჩნევა 7 ოქტომბრის თავდასხმის შემოქმედად. ამ მოვლენას ისრაელის 1200-მდე მოქალაქე ემსხვერპლა, 251 კი მძევლად აიყვანეს და გაიტაცეს. რაც შეეხება მეორე მაღალჩინოსანს, სალამეს, ის ჰამასის ხან იუნისის ბრიგადის მეთაური იყო.

აქამდე ისრაელმა დეიფის უვნებელყოფა 2021 წელს ღაზაში მიმდინარე ომის დროს სცადა, თუმცა მის ნაცვლად მისი ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი იმსხვერპლეს. დეიფი ისრაელის სამიზნე იყო 2001, 2002, 2003 და 2006 წლებშიც. გავრცელებული იყო ცნობები, რომ 2006 წლის იერიშის შემდეგ მან ფეხები დაკარგა, რაც შემდეგში უარყვეს.

კომენტარები