ისრაელმა ლიბანში, ჰეზბოლას ობიექტებზე ასამდე ავიაგამანადგურებლის გამოყენებით შემაკავებელი დარტყმები მიიტანა. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები ისროლა.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ საჰაერო ძალების, დაახლოებით, ასმა თვითმფრინავმა ჰეზბოლას ათასობით სამიზნეზე იერიში ერთდროულად მიიტანა, რათა დაჯგუფების მიერ მომზადებული მასობრივი თავდასხმა აღეკვეთათ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფის რაკეტების უმრავლესობა ჩრდილოეთ ისრაელზე იყო დამიზნებული. ისრაელის წინასწარი ინფორმაციით, ჰეზბოლა აპირებდა, რომ იერიში თავდაცვის ძალების სადაზვერვო ბაზაზე მიეტანა.
დარტყმების მიუხედავად, ჰეზბოლამ მაინც წამოიწყო ისრაელზე სარაკეტო იერიში და გამოაცხადეს, რომ ეს გასულ თვეში მათი ერთ-ერთი სამხედრო ლიდერის, ფაუდ შუქრის მკვლელობაზე პასუხი იყო. დაჯგუფების მტკიცებით, მათ ისრაელის მიმართულებით 320-ზე მეტი რაკეტა და დრონი ისროლეს. მათ არ უხსენებიათ ისრაელის შემაკავებელი იერიშები.
ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ ლიბანიდან მათი მიმართულებით 210 რაკეტა და დაახლოებით 20 დრონი გაუშვეს. მათი დიდი ნაწილი საჰაერო თავდაცვამ უვნებელყო, თუმცა ზოგიერთი ისრაელის ტერიტორიაზე მაინც ჩამოვარდა და დაზიანებები და დაშავებები გამოიწვია. ბევრი რაკეტა ღია სივრცეში ჩამოვარდა.
გავრცელებული ცნობებით, ჰეზბოლა ისრაელზე თავდასხმას ადგილობრივი დროით დილის ხუთი საათისთვის გეგმავდა. იერუსალიმმა შემაკავებელი იერიშები იმ ობიექტებზე, საიდანაც რაკეტებსა და დრონებს გაუშვებდნენ, 5 საათამდე მიიტანა.
უკვე რამდენიმე კვირაა, რაც ისრაელი ირანისგან და მისი მხარდაჭერილი ჯგუფებისგან იერიშების მოლოდინში იყო.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა. მცირე ხნით ადრე ლიბანში, ბეირუთში ისრაელის იერიშის შედეგად მოკვდა ჰეზბოლას სამხედრო მაღალჩინოსანი, ფუად შუქრი.
ამ ორი შემთხვევის შემდეგ ირანიც და ჰეზბოლაც ისრაელზე შურისძიებითა და მისი დასჯით იმუქრებოდნენ. მომავალში თეირანმა საკუთარი რიტორიკა შეარბილა, გავრცელდა ცნობები, რომ შესაძლოა გადაიფიქრეს მასშტაბური პასუხი, რომელსაც თავიდან განიხილავდნენ. პარალელურად დასავლურ მედიასთან წყაროები ამბობდნენ, რომ ირანის ქმედებების მიუხედავად, ჰეზბოლა ისრაელზე იერიშს მაინც მიიტანდა.





