ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ენ-ნაბათიაში ისრაელის სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადა, რომ გასულ ღამეს ლიბანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს ჰეზბოლას იარაღის საცავზე.
საპასუხოდ, ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა. ისრაელის თავდაცვის ძალების მიხედვით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
9 აგვისტოს, ლიბანში ჰამასის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მოკლეს. თავდასხმა ლიბანის სამხრეთით, საპორტო ქალაქ სიდონთან მოხდა. მოკლული სამერ ალ-ჰაჯი ჰამასის უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა. ის პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში მუშაობდა.
მას შემდეგ, ჰეზბოლას მიერ ისრაელის მიმართ სარაკეტო იერიშები გახშირდა. გასულ ერთ კვირაში ლიბანის სამხრეთ ნაწილიდან ისრაელის მიმართულებით, სულ მცირე, 55 რაკეტა გაისროლეს.





