ჩინეთი

ჩინეთის საგარეოს სპიკერი: NED-ი ცდილობს გამოიწვიოს ფერადი რევოლუციები მთავრობების დასამხობად

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ძიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას დემოკრატიის ეროვნულ ფონდს (NED) ბრალი დასდო უცხო ქვეყნებში ფერადი რევოლუციების გზით ხელისუფლებების დამხობასა და მათ დესტაბილიზაციის მცდელობაში.

"დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) დაკავებულია უცხო ქვეყნებში ხელისუფლებების დასამხობად ფერადი რევოლუციების გამოწვევით, ყველა ტიპის მეთოდების გამოყენებით სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით, იწვევს დაყოფასა და კონფრონტაციას, რათა სხვა ქვეყნებს ძირი გამოუთხაროს და საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად ახდენს ყალბი ინფორმაციის ფაბრიკაციას" – ამბობს ძიანი.

რამდენიმე დღის წინ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში საკუთარ ვებგვერდზე, სახელწოდებით: დემოკრატიის ეროვნული ფონდი: რას წარმოადგენს ის და რით არის დაკავებული

ჩინეთის საგარეო უწყების მტკიცებით, აშშ NED-ს სხვა ქვეყნების ინფილტრაციისთვის, მათ შიდა საქმეებში ჩარევისა და ხელისუფლებების დამხობისთვის იყენებს.

"სამყარო მულტიპოლარულობისკენ მიემართება და საჭიროა საერთაშორისო ურთიერთობებში არსებობდეს მეტი დემოკრატია. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება განვითარების იმ გზით იაროს, რაც მის ეროვნულ რეალობებსა და ხალხის მოთხოვნილებებს შეესაბამება. არცერთი ქვეყანა არ არის იმ პოზიციაში, ჭკუა დაარიგოს სხვები დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე, მით უფრო, გამოიყენოს დემოკრატია და ადამიანის უფლებები სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევის, მათ შიდა საქმეებში  ჩარევისა და იდეოლოგიური კონფრონტაციების მოწყობის გასამართლებლად" – წერია ანგარიშში. 

ჩინეთის ოფიციალურ ანგარიშში საუბარი ასევე არის საქართველოზე. თავში, სახელწოდებით "სხვა ქვეყნების სტაბილურობის ძირგამოსათხრელად დაყოფისა და კონფრონტაციის გამოწვევა" წერია, რომ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, NED-მა თბილისში დემონსტრაციების დასაორგანიზებლად სამი ადგილობრივი არასამთავრობო ჯგუფის ჩამოყალიბება დააფინანსა, ხოლო 2024 წლის მაისში, დემოკრატიის ფონდმა საქართველოში უცხო ქვეყნის აგენტების კანონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ჩატარებას აძლევდა ბიძგს. 

დემოკრატიის ეროვნული ფონდი არაერთხელ გამხდარა საქართველოს ხელისუფლების მიერ თავდასხმის ობიექტიც. ქართული ოცნების ბრალდებით, ორგანიზაცია საქართველოში პოლიტიკურ პარტიებსა და ოპოზიციურ მედიას აფინანსებს. 

 

კომენტარები