საერთაშორისო ფონდების დაფინანსება

პაპუაშვილი: NED-ის დაფინანსება მიედინება პარტიებში – დროაში, ევროპულ საქართველოში

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოში დიდ პრობლემას წარმოადგენს უცხოური ფონდების მიერ არასამთავრობო სექტორის დაფინანსების საკითხი. პაპუაშვილმა ამერიკის დემოკრატიის ფონდი(NED) გააკრიტიკა და თქვა, რომ ის "ჩვეულებრივად, მალავს რაში იხარჯება ეს ფული". 

"რაც შეეხება უცხოურ დაფინანსებას, აქ ჩვენ კვლავ ვდგავართ იმ პრობლემის წინაშე, რომ არასამთავრობო სექტორი არის ყველაზე გაუმჭვირვალე სექტორი დღეს.

რაც შეეხება ამერიკულ დაფინანსებას, აქაც სამწუხაროდ დღეს კვლავ არის გამოწვევა, რომ ნაწილი ამ დაფინანსების არის დამალული ქართული საზოგადოებისგან. მე არაერთხელ მითქვამს, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებთანაც ეს საკითხი არაერთხელ დამიყენებია, რომ მაგალითად, ამერიკის დემოკრატიის ფონდი NED-ი (National Endowment for Democracy) არ ასაჯაროებს თავის ხარჯებს, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოვუწოდე ამისკენ. მალავენ, ჩვეულებრივად მალავენ თუ რაში იხარჯება ეს ფული. შემდეგ კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს ფული არის პოლიტიკური ფული, მიედინება პოლიტიკური პარტიებისკენ და სხვადასხვა ორგანიზაციისკენ. მაგალითად მოგიყვანთ, NED-ის დაფინანსება არის ხოლმე რაღაც პარტიულ ღონისძიებებში, იქნება ეს დროა, ევროპული საქართველო, სირცხვილია და ა.შ.

მათ შორის, 2020 წლის არჩევნების წინ, NED-ი პირდაპირ ხელფასს უხდიდა ტვ პირველის თანამშრომლებს, ჟურნალისტების ხელფასებს აფინანსებდა ამერიკული ფონდი. ეს ის პერიოდია, როდესაც ტვ პირველში პირდაპირ იყო დეზინფორმაციული კამპანია წარმოებული [თამარ] ბაჩალიაშვილის და [გიორგი] შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, ამერიკელი გადამხდელების ფული იხარჯებოდა, რომ საქართველოში წინასაარჩევნოდ პარტიულ მედიას ეწარმოებინა დეზინფორმაციული კამპანია, რაც არის როგორც ქართული კანონმდებლობის დარღვევა, ისე ამერიკული კანონმდებლობის დარღვევა". - თქვა პაპუაშვილმა.

ამასთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის მარტის აქციები უცხოური დონორებისა და არასამთავრობო სექტორის მიერ ორგანიზებულ ძალადობრივ თავდასხმად დაახასიათა.

"არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მათი დონორები ორგანიზებით მოხდა ძალადობრივი თავდასხმა პარლამენტზე და მათ შორის, ვნახეთ, რომ, პირველად საქართველოს ისტორიაში, მოლოტოვის კოქტეილები გვესროლეს". - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საბოლოოდ, პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროპულ და ამერიკულ დონორებს, დაასრულონ "რუსული მეთოდებით ფულის ხარჯვა საქართველოში".

"ქართველი ხალხი არ არის ბრბო და მე მგონი, აქვს უფლება იცოდეს თუ რაში და როგორ იხარჯება ეს ფული. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა დონორს - ეს ამერიკულ საბიუჯეტო სახსრებსაც ეხება და ევროკავშირის  საბიუჯეტო სახსრებსაც, კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, ევროპის დემოკრატიული ფონდი, რომლის მმართველობაშიც კარგად თუ ცუდად ნაცნობი ზოგიერთი ევროპარლამენტარი არის, პირდაპირ პარტიებს აფინანსებს და მალავს ამ ყველაფერს. ასეთი რუსული მეთოდებით ფულის ხარჯვა საქართველოში უნდა დასრულდეს. მოვუწოდებ როგორც ამერიკულ, ისე ევროპულ ფონდებს, რომ გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება". - თქვა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი წარსულშიც არაერთხელ დაესხა თავს არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას. 2024 წლის 9 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ ტაბულა, თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად, ევროპული საქართველოს განშტოებაა.

გასული წლის გაზაფხულზე კი პაპუაშვილმა რუსთავი ორის ეთერში განაცხადა, რომ ევროპის დემოკრატიის ფონდი [EED] აფინანსებს ტაბულას, რომელიც, "ფაქტობრივად პარტიული მედიაა".

კომენტარები