იაპონია

კიშიდა მმართველი პარტიის შიდა არჩევნებში კენჭს არ იყრის, იაპონიას ახალი პრემიერი ეყოლება

ფუმიო კიშიდა

იაპონიის პრემიერმინისტრმა, ფუმიო კიშიდამ 14 აგვისტოს თქვა, რომ ის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. კენჭისყრა სექტემბერში ჩატარდება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, პარტიული შიდაარჩევნების შემდეგ იაპონიას ახალი პრემიერმინისტრი ეყოლება.

"ყველაზე მარტივი გზა იმის საჩვენებლად, რომ ლდპ შეიცვალა, ჩემი გადადგომაა. მე მონაწილეობას არ მივიღებ ლდპ-ს პრეზიდენტობის არჩევნებში... მთავრობა ვერ გაატარებს მნიშვნელოვან რეფორმებს, თუ პოლიტიკისა და პოლიტიკოსების მიმართ საკმარისი ნდობა არ იქნება." – თქვა კიშიდამ.

კიშიდას თქმით, ის მხარს დაუჭერს ნებისმიერს, ვისაც მმართველი პარტიის პრეზიდენტად აირჩევენ. თუმცა მან უარი თქვა დაესახელებინა, რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს კენჭისყრაზე.

კიშიდამ გადადგომის ერთ-ერთ მიზეზად ლდპ-ს პოლიტიკური ფინანსების სკანდალი დაასახელა და აღნიშნა, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. გასული წლიდან ლდპ კამპანიის ფინანსების ბოროტად გამოყენების სკანდალში გაეხვა, რამაც პარტიის ფრაქციების დაშლა გამოიწვია. აჟიოტაჟმა ფართო საზოგადოებაში მმართველი გუნდის პოზიცია დააზარალა.

2023 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ლდპ-ს ორმა ფრაქციამ 600 მილიონ იენზე მეტი ოდენობის ფული კამპანიის თანხების ანგარიშში არ შეიყვანეს და მას გაურკვეველი მიზნებით გამოსაყენებელ ფონდში ინახავდნენ.

კიშიდა პრემიერმინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. ბოლო წლებში, განსაკუთრებით კი თანხების ბოროტად გამოყენების სკანდალის შემდეგ, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიისა და თავად კიშიდას რეიტინგი გაუარესდა. იაპონური მედია "ასაჰი შიმბუნის" ივლისის გამოკითხვა აჩვენებდა, რომ გამოკითხულთა 74%-ს არ სურდა კიშიდა სექტემბრის არჩევნების შემდეგ ლიდერის პოსტზე დარჩენილიყო.

იაპონური მედია უკვე ვარაუდობს, თუ ვინ ჩაანაცვლებს პრემიერ კიშიდას მმართველი პარტიის პრეზიდენტობის პოსტზე. განიხილებიან ლდპ-ს გენერალური მდივანი ტოშიმიცუ მოტეგი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი შიგერუ იშიბა და ციფრული მინისტრი, ტარო კონო. ასევე, არაა გამორიცხული, რომ პარტიის პრეზიდენტი გარემოს დაცვის მინისტრი შინჯირო კოიძუმი, ან ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრი სანაე ტაკაიჩი გახდეს.

საჯარო და პარტიული უკმაყოფილების შემდეგ კიშიდამ გაათავისუფლა საკუთარი კაბინეტის წევრები, რომლებიც სკანდალში იყვნენ გახვეული და დაიწყო შიდაპარტიული სასჯელების დაწესება. ამ ქმედებების შედეგად, კიშიდამ თავად პარტიაში დაკარგა თანაგუნდელების მხარდაჭერა, ლდპ-ს ზოგიერთი წევრი მის გადადგომას ღიად ითხოვდა. 

კომენტარები