ვენესუელა

მადურომ ილონ მასკთან საჯარო დავის შემდეგ ვენესუელაში X-ზე წვდომა 10 დღით შეზღუდა

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ X-ის მფლობელთან, ილონ მასკთან საჯარო დავის შემდეგ ქვეყანაში X-ზე წვდომა 10 დღით შეზღუდა

2024 წლის ივლისში ჩატარებულ სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასკმა მადურო დიქტატორად და "ჯამბაზად" მოიხსენია და თქვა, რომ მან არჩევნები გააყალბა. მადურომ კი მასკი არჩევნების დროს ვენესუელის ეროვნული საარჩევნო საბჭოს წინააღმდეგ "კიბერ გადატრიალების" მოწყობის მცდელობასა და "სიძულვილის, ფაშიზმისა და სამოქალაქო ომის" წახალისებაში დაადანაშაულა. 

"X-ის მფლობელი ილონ მასკია და მან ყველა წესი დაარღვია. [...] მან წესები სიძულვილის, ფაშიზმის, სამოქალაქო ომის, სიკვდილისა და ვენესუელელ ხალხს შორის დაპირისპირებისა წახალისებით დაარღვია და ვენესუელის ყველა კანონი დაარღვია". - თქვა მადურომ სატელევიზიო მიმართვისას, რომელშიც განკარგულების შესახებ გამოაცხადა. 

არჩევნების დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, The Carter Center-მა, რომელიც ვენესუელის მთავრობამ მიიწვია, თქვა, რომ კიბერთავდასხმის არანაირი მტკიცებულება არ უნახავთ. 


29 ივლისს გამოცხადებული შედეგებით, ნიკოლას მადურომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნები ისევ მოიგო. არც ვენესუელას ოპოზიცია და არც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირის წევრი ქვეყნები, შედეგებს არ ცნობენ და ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია. 

მადუროს 51%-იანი გამარჯვების გამოცხადების შემდეგ უკვე რამდენიმე დღეა, ვენესუელაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. შეტაკებების დროს პოლიცია ცრემლსადენი გაზსა და რეზინის ტყვიებს იყენებს. ვენესუელას ხელისუფლების თქმით, უკვე 2000-მდე დემონსტრანტი დააკავეს

მადურო ვენესუელას პრეზიდენტის პოსტს 2013 წლიდან იკავებს. მისი პარტია, ვენესუელას ერთიანი სოციალისტური პარტია (PSUV) უკვე 25 წელია, ქვეყნის მმართველი პარტიაა. 1998 წლიდან 2013 წლამდე პარტიის ლიდერი და ქვეყნის პრეზიდენტი უგო ჩავესი იყო. 

2018 წლის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მადურომ მოიგო და ვენესუელას პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა, მსოფლიო ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ არ აღიარა. 

კომენტარები