CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ჰეზბოლა, სავარაუდოდ, ისრაელზე იერიშს მიიტანს იმისდა მიუხედავად, თუ რას მოიმოქმედებს ირანი. ამერიკული მედიის ცნობით, მათთან ამის შესახებ სადაზვერვო ინფორმაციის მქონე ორმა პირმა ანონიმურად ისაუბრა.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, ლიბანში დაფუძნებული დაჯგუფება ბევრად უფრო ჩქარი ტემპით გეგმავს და ელის ისრაელზე იერიშს, ვიდრე ირანი. წყაროების თქმით, პარალელურად ირანის კვლავ ფიქრობს ისრაელისადმი საპასუხო გეგმებზე. ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა CNN-ს უთხრა, რომ ირანი ნაწილობრივ მოემზადა, თუმცა მასშტაბური დარტყმისთვის სრულ მზადყოფნაში არაა.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, რეგიონში ირანის უძლიერესი მარიონეტი, ჰეზბოლა და თეირანი, შესაძლოა, იერიშთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებს ერთად სრულად არ განიხილავენ.
აქამდე The Washington Post-ი წერდა, რომ ირანმა შესაძლოა ისრაელზე მასშტაბური პირდაპირი თავდასხმა გადაიფიქროს, თუმცა საფრთხედ რჩება ლიბანში მოქმედი ჰეზბოლა.
ჰამასის პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიას აფეთქების შემდეგ ისრაელი ირანის თავდასხმის მოლოდინშია. თეირანში პირობას დებდნენ, რომ ისრაელს "დასჯიდნენ" და პასუხს აუცილებლად გასცემდნენ. გააქტიურდნენ ირანის მიერ მხარდაჭერილი მარიონეტული დაჯგუფებები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთში მოქმედებენ.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა. მცირე ხნით ადრე ლიბანში, ბეირუთში ისრაელის იერიშის შედეგად მოკვდა ჰეზბოლას სამხედრო მაღალჩინოსანი, ფუად შუქრი.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.





