ისრაელის ჩრდილოეთში, დასავლეთ გალილეაში მდებარე არაბულ ქალაქ მაზრააში ჰეზბოლას დრონის თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
ერთ-ერთი დაშავებული 40 წელს გადაცილებული კაცია, რომელიც კრიტიკულ მდგომარეობაშია. მეორე დაშავებული, შედარებით მსუბუქი დაზიანებით, 30 წელს გადაცილებული ქალია.
პარალელურად ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰეზბოლა, რომელიც ლიბანის სამხრეთს აკონტროლებს, აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით რამდენიმე დრონი გაუშვეს. დაჯგუფებაში ირწმუნებიან, რომ სამიზნეები სამხედრო ობიექტები იყო.
რამდენიმე საათის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დასავლეთ გალილეაზე დრონების იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა.
თავდასხმები ირანსა და ისრაელს შორის დიდი ესკალაციის მოლოდინის პარალელურად მოხდა.
ისრაელზე თავდასხმა მოსალოდნელია როგორც ირანის, ისე რეგიონში არსებული მისი მარიონეტული ძალების მხრიდან. საფრთხეს წარმოადგენს შიიტური დაჯგუფება ჰეზბოლა, რომელიც ისრაელის მეზობელი ლიბანის სამხრეთს, ფაქტობრივად, აკონტროლებს. გასულ დღეებში ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ესკალაცია მძაფრად მზარდი იყო. ამას გარდა, თეირანის მოკავშირეები არიან ერაყში მოქმედი შიიტური დაჯგუფებები და იემენელი ჰუსიტები. ირანის მოკავშირეა თავად ჰამასიც, რომელიც სხვა ჯგუფებისგან განსხვავებით სუნიტურია.
31 ივლისის გამთენიისას ჰამასის პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია თეირანში აფეთქებას ემსხვერპლა. ერთი დღით ადრე ჰანია, რომელიც წლების განმავლობაში კატარში ცხოვრობდა, ირანში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჩავიდა. თავდაპირველად გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, რომ ჰამასის ლიდერი რაკეტამ იმსხვერპლა, შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი დამონტაჟებული ბომბის აფეთქებას მოჰყვა.
ირანი და ჰამასი ჰანიას მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ. იერუსალიმი ბრალდებას არც უარყოფს და არც ადასტურებს.
ირანის ლიდერები ისრაელს სერიოზული და მკაცრი პასუხის გაცემით ემუქრებიან.
2024 წლის აპრილში ირანმა ისრაელზე მასშტაბური იერიში მიიტანა ასობით რაკეტისა და დრონის გამოყენებით. ეს იყო პასუხი ისრაელის მიერ სირიაში, დამასკოში ირანის საელჩოზე მიტანილ იერიშზე. მაშინ ისრაელმა თითქმის ყველა შემომავალი ობიექტი მოიგერია და ფაქტობრივად არ დაზიანებულან. იერუსალიმს სამიზნეების მოგერიებაში, აშშ-ს მეთაურობით, მეზობელი ქვეყნებიც დაეხმარნენ.





