სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ერაყის აინ ალ-ასადის საჰაერო ბაზას, სადაც აშშ-ს და სხვა საერთაშორისო ჯარები არიან განლაგებულნი, ორშაბათს კატიუშას ტიპის ორი რაკეტით თავს დაესხნენ.
ერთ-ერთი წყაროს თქმით, რაკეტები ბაზაზე ჩამოვარდა.
სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია მოჰყვა თუ არა თავდასხმას მსხვერპლი. გავრცელებული ცნობებით, იერიშის შედეგად რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაშავდა.
ონლაინ სივრცეში გავრცელებული ცნობების მიხედვით, თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ერაყში მოქმედმა შიიტურმა შეიარაღებულმა დაჯგუფებამ, ალ-თავრიუნმა აიღო, რომელიც ირანის მიერაა მხარდაჭერილი.
თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა იზრდება და ირანისა და მისი მარიონეტი ჯგუფების მიერ ისრაელზე იერიში მზადდება.





