აშშ-რუსეთის პატიმრების გაცვლის პროცესი

Fox News: რუსეთმა გერშკოვიჩი პატიმართა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლა

Associated Press

ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის ინფორმაციით, რუსეთმა Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი აშშ-სთან პატიმართა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში გაათავისუფლა. Fox News-ის ცნობით, აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიამ WSJ-ის თანამშრომლისგან მიიღო. 

ტელეკომპანიის ინფორმაციით, როგორც WSJ-ს თანამშრომელმა მას უთხრა, ჟურნალისტის გათავისუფლება რუსეთსა და აშშ-ს შორის პატიმართა გაცვლის შესახებ დადებული ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა და "ევან გერშკოვიჩი აშშ-ში ხვალ დაბრუნდება". 

ოფიციალური განცხადება პატიმართა გაცვლის შესახებ ქვეყნებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. 

WSJ-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსეთში 2023 წლის 29 მარტს ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, WSJ-ის ჟურნალისტი რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოებების შესახებ ინფორმაციას აგროვებდა. გერშკოვიჩმა ეს უარყო, ხოლო აშშ-მ მის დაკავებას უკანონო უწოდა.  

19 ივლისს რუსეთის სასამართლომ გერშკოვიჩს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში, გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის ამერიკელ პატიმრებში გაცვლა სურდა. მედიაში გავრცელებული იყო რამდენიმე ვერსია, თუ ვისი გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა რუსეთი კრასიკოვს. 2023 წლის სექტემბერში The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინს ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლება სურდა და შესაბამის საკითხზე მუშაობა უსაფრთხოების საკითხების მრჩეველს, ნიკოლაი პატრუშევს დაავალა. პატიმრების შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებუკ მოლაპარაკებებში, როგორც WSJ წერდა, ნახსენები იყო მათივე ჟურნალისტიც, ევან გერშკოვიჩი.

აქამდე, რუსულმა სამთავრობო მედია ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები ალექსანდრ ვინიკი, ვლადისლავ კლიუშინი, ვადიმ კონოშჩენკო და მაქსიმ მარჩენკო აშშ-ს ციხეების ფედერალური ბიუროს საჯარო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღარ იძებნებოდნენ, რაც შესაძლოა პატიმართა სავარაუდო გაცვლის შესახებ მიანიშნებდეს. 

კომენტარები