ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმე

CNN: რუსეთს ამერიკელი პატიმრების ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში გაცვლა სურს

ვადიმ კრასიკოვი, რომელიც ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში სასჯელს იხდის

CNN-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, რუსეთი ამერიკელი პატიმრების, პოლ უილანისა და ბრიტნი გრაინერის სანაცვლოდ რუსი იარაღით მოვაჭრის, ვიქტორ ბუტის გარდა, საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკლვლელის, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) ყოფილი თანამშრომლის, ვადიმ კრასიკოვის გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რუსეთმა აშშ-ს გაცვლის ეს ვარიანტი არაფორმალურად შესთავაზა, ФСБ-ს ჯაშუშების ქსელის გამოყენებით. კრასიკოვს 2021 წლის დეკემბერში 2019 წელს საქართველოს მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან თორნიკე ხანგოშვილის მკვლელობისთვის გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი იყო. 

წყაროებმა CNN-თან თქვეს, რომ თხოვნა პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო, მათ შორის არის ის, რომ კრასიკოვი სასჯელს გერმანიაში იხდის. ამას გარდა, რადგან შეთავაზება ФСБ-ს არხებით გაკეთდა, აშშ-ს მთავრობა ამ მოთხოვნას საკუთარი წინა შეთავაზების თანასწორად არ უყურებს. 

ამის მიუხედავად, CNN-თან მაღალი თანამდებობის გერმანულმა ანონიმურმა წყარომ თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციას გრაინერისა და უილანის გათავისუფლება იმდენად სურს, აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა გერმანელებს ჩუმად მიმართეს, შეეძლებოდათ თუ არა გაცვლაში კრასიკოვის ჩართვა.

CNN-ის ცნობით, მათთან გერმანულმა წყარომ თქვა, რომ საუბრები მაღალ დონეზე არ შემდგარა და კასიკოვის შესაძლო გაცვლა სერიოზულად არ განხილულა. თუმცა, აქამდე უცნობი შეთავაზება აჩვენებს იმას, რომ რუსეთი პატიმრების გაცვლის პროცესზე მუშაობაში რაღაც დონეზე ჩართულია.

"რათა შევინარჩუნოთ საუკეთესო შესაძლებლობა წარმატებული შედეგისთვის, არანაირ სპეკულაციაზე საჯაროდ კომენტარს არ გავაკეთებთ". – თქვა CNN-თან აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

ოთხშაბათს, 24 ივლისს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ აშშ-მ "კვირების წინ მაგიდაზე დადო მნიშვნელოვანი შეთავაზება", რათა მოეგვარებინათ გრაინერისა და უილანის გათავისუფლება. მან ასევე დაამატა, რომ ამერიკისა და რუსეთის მთავრობებს"შეთავაზებაზე ჰქონდათ არაერთი და პირდაპირი კომუნიკაცია". 

ენტონი ბლინკენმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა პარასკევს, 29 ივლისს პატიმრების გაცვლის შეთავაზებასთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართეს. ეს მათ შორის პირველი სატელეფონო საუბარი იყო მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთმა ომი დაიწყო. ბლინკენის თქმით, საუბარი "გულწრფელი და პირდაპირი" იყო.

"კრემლს ვაიძულებდი მიეღო მნიშვნელოვანი შეთავაზება, რომელიც ჩვენ პოლ უილანისა და ბრიტნი გრაინერის გათავისუფლებისთვის დავდეთ". – აღნიშნა ბლინკენმა სატელეფონო საუბრის შემდეგ.

CNN-თან რამდენიმე წყარომ თქვა, რომ თუ კრასიკოვს არ გაათავისუფლებენ, სავარაუდოდ, ისინი მოითხოვენ ორი სხვა პატიმრის გათავისუფლებას. რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებმა გასულ კვირებში საჯაროდ გამოხატეს, რომ ბუტისა და ჰაკერობაში დადანაშაულებული რომან ზელეზნევის გათავისუფლებას ისურვებდნენ.

აშშ-ს ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ რუსეთი არასერიოზული შეთავაზებებით დროის მოგებას ცდილობს, მანამ, სანამ გრაინერის სასამართლო პროცესი არ დასრულდება.

გრაინერს ბრალად ედება რუსეთში, თებერვალში კანაფის ზეთის ჩანთით შეტანა. მისი თქმით, ის ამას ტკივილის მოსახსნელად იყენებს და ჩანთაში გამიზნულად არ ჩაუდია. უილანი 2020 წელს ჯაშუშობის ბრალდებით გაასამართლეს და ციხეში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ორივე მათგანი უკანონოდაა დაკავებული.


ეთნიკურად ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს ბერლინში. მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს კი რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის ფიგურანტია.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის იანვარში ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაში გერმანიის პროკურატურა საქართველოს მთავრობას პრორუსულად მოიხსენიებს.

"შეკვეთილი მკვლელობის მიზეზი გარდაცვლილსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის არსებული მტრული ურთიერთობებია. მოკლულს ასეთივე ურთიერთობები აკავშირებდა ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ადგილობრივ ხელისუფლებასთან და, ასევე, საქართველოს პრორუსულ მთავრობასთანაც", – ნათქვამია განცხადებაში. 

გერმანულმა მხარემ რუსეთს რამდენჯერმე მიმართა გამოძიებაში დახმარების თხოვნით, მაგრამ უშედეგოდ. 2019 წლის 4 დეკემბერს გერმანიამ ქვეყნიდან ორი რუსი დიპლომატი გააძევა. მოგვიანებით იგივე ზომები მიიღო მოსკოვმაც.

ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე უფრო მეტი წაიკითხეთ ტაბულას სტატიაში: რუსეთის შურისძიება - ზელიმხან ხანგოშვილის ცხოვრებისა და სიკვდილის ისტორია.

კომენტარები