აშშ-რუსეთის პატიმრების გაცვლის პროცესი

ხანგოშვილის ძმა: საწყენია, პატიმრების გაცვლაზე არაფერი ვიცოდი - რომ ეკითხათ დავთანხმდებოდი

ზელიმხან და ზურაბ ხანგოშვილები
Natato Asanidze/BILD

აშშ-სა და რუსეთს შორის პატიმრების გაცვლის შესახებ შეთანხმების ფარგლებში, გერმანიის ციხე დატოვა და რუსეთში დაბრუნდა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, ვადიმ კრასიკოვი, რომელსაც მოსკოვის აეროპორტში ვლადიმირ პუტინი წითელი ხალიჩით დახვდა და შემდეგ კი გამოაცხადა, რომ კრასიკოვს სხვა გაცვლილ პატიმრებთან ერთად სახელწიფო ჯილდო გადაეცემა.

კრასიკოვის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გერმანული გამოცემა Bild-ი ზელიმხან ხანგოშვილის ძმას, ზურაბ ხანგოშვილს დაუკავშირდა. ზურაბის თქმით, მისი ოჯახი კრასიკოვის გათავისუფლებით უკიდურესად შეწუხებულია და როგორც ის აღნიშნავს ხანგოშვილის ოჯახის წევრებისთვის "არავის არაფერი უკითხავს".

"პატიმრების გაცვლაზე შეთანხმების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ, Telegram-ზე გავიგე. ჩვენთვის არავის არაფერი უთქვამს. ფედერალური ხელისუფლება მსხვერპლის ოჯახს დღევანდელ დღემდე [2 აგვისტო] არ დაუკავშირდა". - უთხრა ზურაბ ხანგოშვილმა Bild-ს.

ზურაბ ხანგოშვილის შეფასებით, პუტინის ხელისუფლება კრასიკოვი აგენტად აღარ გამოადგება, რადგან მის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროებულია, ამის გათვალისწინებით, ხანგოშვილი ფიქრობს, რომ კრასიკოვს რუსული სპეცსამსახურების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს. ის ასევე, არ გამორიცხავს, რომ პუტინმა კრასიკოვი უბრალოდ მოიშოროს.

"სავარაუდოდ, კრასიკოვი ფიქრობს, რომ პუტინი მას ერთგულებას დაუფასებს, თუმცა, დარჩება თუ არა ის ცოცხალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი და რა სახის ინფორმაცია გაუმხილა მან გერმანულ ხელისუფლებას". - ამბობს ზურაბ ხანგოშვილი.

ამავდროულად, ზურაბ ხანგოშვილი აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ ის გათავისუფლებულთა მიმართ თანადგომას და შვებას გრძნობს, მეორე მხრივ კი დიდ ტკივილს [კრასიკოვის გათავისუფლების გამო].

"ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. თავს დამცირებულად ვგრძნობთ. შვილები დაობლდნენ, მე საყვარელი ძმა დავკარგე, მკვლელს კი შეუძლია საკუთარ ოჯახს ჩაეხუტოს. ეს მტკივნეულია". - ამბობს ხანგოშვილი.

მისი თქმით, ის იმედგაცრუებულია, რომ მას კრასიკოვის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების შესახებ არავინ დაუკავშირდა.

"ჩვენთვის უბრალოდ აზრი მაინც, რომ ეკითხათ [...] მე დავთანხმდებოდი, თუ გავიგებდი, რომ სანაცვლოდ ათობით პატიმარი პუტინის ტყვეობიდან გათავისუფლდებოდა". - თქვა ხანგოშვილმა.


ეთნიკურად ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი იყო. 

მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილეა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

გუშინ, 1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ცივი ომის დროიდან ყველაზე მსხვილი პატიმართა გაცვლა შედგა, ერთ-ერთი გათავისუფლებული პატიმრებიდან ელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია.

კომენტარები