აშშ-რუსეთის პატიმრების გაცვლის პროცესი

კრემლმა აღიარა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ФСБ-ს აგენტია

ფოტო ვიდეოდან: Kremlin Pool Photo via AP

კრემლმა აღიარა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვი ФСБ-ს აგენტია. აქამდე კრემლი ამ ფაქტს უარყოფდა.

 ამასთან დაკავშირებით კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა 2 აგვისტოს რუსეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის პატიმრების გაცვლაზე ჟურნალისტებთან გამოსვლისას ისაუბრა.

"კრასიკოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) თანამშრომელია, ის ალფაში მსახურობდა. საინტერესოა, რომ როდესაც ის ალფაში მსახურობდა, ის მსახურობდა პრეზიდენტის [პუტინის] დაცვის რამდენიმე თანამშრომელთან ერთად. ბუნებრივია, რომ გუშინ შეხვედრისას ისინი ერთმანეთს მიესალმნენ". - თქვა პესკოვმა


ეთნიკურად ჩეჩენი, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. ხანგოშვილი ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, ასევე საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ყოფილი ოფიცერი იყო. 

მკვლელობაში ბრალდებით დაპატიმრებულს რუსეთის ფედერაციის პასპორტი აღმოაჩნდა, რომელიც ვადიმ კრასიკოვის სახელზეა გაცემული.

ამ საკითხზე ჩატარებული რამდენიმე ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრასიკოვი ФСБ-ს სპეცრაზმის ვეტერანი და რამდენიმე გახმაურებული შეკვეთილი მკვლელობის თანამონაწილეა.

გერმანიის ფედერალური პროკურატურის საბრალდებო დასკვნაში ნათქვამია, რომ კრასიკოვი რუსეთის ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა.

გუშინ, 1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ცივი ომის დროიდან ყველაზე მსხვილი პატიმართა გაცვლა შედგა, ერთ-ერთი გათავისუფლებული პატიმრებიდან ელიმხან ხანგოშვილის მკვლელი ვადიმ კრასიკოვია.

კომენტარები