აშშ-რუსეთის პატიმრების გაცვლის პროცესი

პუტინის თქმით, ხანგოშვილის მკვლელს სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა

ფოტო: Vyacheslav Prokofiev/SPUTNIK/KREMLIN POOL/EPA

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, პატიმართა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებულ რუსეთის მოქალაქეებს, მათ შორის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელს, ვადიმ კრასიკოვს სახელმწიფო ჯილდოები გადაეცემათ. 

პუტინი გათავისუფლებულ პატიმრებს მოსკოვის აეროპორტში შეხვდა, სადაც მათთვის წითელი ხალიჩა იყო გაშლილი. 

პირველი, ვინც თვითმფრინავიდან ჩამოვიდა, ხანგოშვილის მკვლელი იყო, რომელსაც პუტინი ჩაეხუტა. 

"უპირველეს ყოვლისა, მსურს, სამშობლოში დაბრუნება ყველას მოგილოცოთ. ახლა მინდა, მათ მოგმართოთ, ვისაც სამხედრო სამსახურთან პირდაპირი შეხება გაქვთ. მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ფიცისადმი და სამშობლოსადმი ვალდებულებისადმი ერთგულებისთვის, რომელსაც წამითაც არ დავიწყებიხართ. [...] ყველა თქვენგანს სახელმწიფო ჯილდოები გადმოგეცემათ. კვლავ შეგხვდებით და თქვენს მომავალზე ვისაუბრებთ". - თქვა პუტინმა გათავისუფლებულ პატიმრებთან საუბრისას. 

გუშინ, 1 აგვისტოს რუსეთსა და დასავლეთს შორის ცივი ომის დროიდან ყველაზე მსხვილი პატიმართა გაცვლა შედგა. პატიმართა გაცვლის შეთანხმების ფარგლებში, რუსეთმა, მათ შორის, WSJ-ს ჟურნალისტი, ევან გერშკოვიჩი და აშშ-ს ყოფილი საზღვაო ქვეითი ჯარისკაცი, პოლ ვილანი, გაათავისუფლა.

სანაცვლოდ კი დასავლეთმა, მათ შორის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, ვადიმ კრასიკოვი და EU-სა და NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ ჯაშუშობისთვის დაკავებული დულცევების ოჯახი გაათავისუფლა. 

ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში, გავრცელდა ცნობები, რომ რუსეთს ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის ამერიკელ პატიმრებში გაცვლა სურდა. მედიაში გავრცელებული იყო რამდენიმე ვერსია, თუ ვისი გათავისუფლების სანაცვლოდ ითხოვდა რუსეთი კრასიკოვს. 2023 წლის სექტემბერში The Wall Street Journal-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ პუტინს ხანგოშვილის მკვლელის გათავისუფლება სურდა და შესაბამის საკითხზე მუშაობა უსაფრთხოების საკითხების მრჩეველს, ნიკოლაი პატრუშევს დაავალა. პატიმრების შესაძლო გაცვლასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში, როგორც WSJ წერდა, ნახსენები იყო მათივე ჟურნალისტიც, ევან გერშკოვიჩი.

აქამდე, რუსულმა სამთავრობო მედია ТАСС-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აშშ-ში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები ალექსანდრ ვინიკი, ვლადისლავ კლიუშინი, ვადიმ კონოშჩენკო და მაქსიმ მარჩენკო აშშ-ს ციხეების ფედერალური ბიუროს საჯარო ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში აღარ იძებნებოდნენ, რაც შესაძლოა პატიმართა სავარაუდო გაცვლის შესახებ მიანიშნებდეს. 

კომენტარები