სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 120-ე შეხვედრა დასრულდა.
როგორც სამსახური წერს, შეხვედრაზე წინა შეხვედრიდან დღემდე, ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი განიხილეს.
"ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრინციპულად დააყენეს უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლების საკითხი, ასევე, მკაცრად დაგმეს შეხვედრებს შორის პერიოდში იდენტიფიცირებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის ფაქტები.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის წინაშე არსებული ჰუმანიტარული პრობლემები და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობები.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2024 წლის 12 სექტემბერს ჩაინიშნა". - წერია სუს-ის განცხადებაში.
შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ თქვა, რომ ყურადღებას სწორედ უკანონოდ დაკავებულთა მიმართ ჰუმანიტარულ მიდგომაზე გაამახვილებდნენ.
"დღის წესრიგის მთავარი საკითხი გახლავთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხი. როგორც მოგეხსენებათ, დღეის მდგომარეობით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო პატიმრობაში იმყოფება 8 ჩვენი თანამოქალაქე და მთავარი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნეს ჰუმანიტარული მიდგომა. [...]
ახალი ინსტალაციები დამონტაჟებული იქნა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. [...]
რამაზ ბეღელურთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ყველა დანარჩენ უკანონო პატიმრობაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქესთან დაკავშირებით, კომუნიკაცია ცხელი ხაზის მეშვეობით არის პერმანენტული, ანუ ყოველდღიური და რიგ შემთხვევებში დღეში რამდენჯერმე". - თქვა ანთაძემ.