ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საზღვართან მდებარე სოფელი გუგუტიანთკარის მაცხოვრებელს, რამაზ ბეღელურს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალი დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთაში ედება. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაკავებულის დედამ, ნორა ბეღელურმა მიაწოდა.
40 წლის რამაზ ბეღელური რუსმა ოკუპანტებმა უკვე მეხუთედ დააკავეს უკანონოდ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) მიერ 29 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, ბეღელური სოფელ დისევის მიმდებარედ, დე ფაქტო საზღვართან დააკავეს. თუმცა, დაკავებულის დედა ირწმუნება, რომ მისი შვილი სოფლის სასაფლაოზე, ძმის საფლავის დასასუფთავებლად იმყოფებოდა. ბეღელური დაკავებიდან მეორე დღეს ცხინვალის წინასწარი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს.
ნორა ბეღელური ამბობს, რომ რამაზს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მათ შორის, ეპილეფსია, რომელიც მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებს, ხოლო მისი მდგომარეობა ბოლო დაკავებების შემდეგ გაუარესდა.
რამაზ ბეღელური რუსმა ოკუპანტებმა პირველად 2021 წლის თებერვალში დააკავეს, რომლის შემდეგაც მან ოკუპირებული ცხინვალის ციხეში 2 თვე გაატარა. გათავისუფლების შემდეგ, რამაზ ბეღელურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პირველი და მეორე დაკავების დროს მას ავტომატის კონდახებით სცემეს, ხოლო მეოთხე დაკავებისას თავი რკინის გასაღებით გაუტეხეს. მას შემდეგ იგი პერიოდულად კარგავდა გონებას.





